სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ჟურნალ „თბილისელებს“ ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილის შესახებ უყვება, რომელიც დედას უკავშირდება.
– თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რის გამო მისულხართ ცრემლამდე, სიხარულის იქნებოდა ეს თუ ტკივილის?
– ორჯერ დამემართა, სიხარულისგან რომ ვბღაოდი, ვკიოდი, ვწიოდი, საოცარი ემოციები იყო – როდესაც გავხდი ევროპის ჩემპიონი და როდესაც დედა გავხდი. ყველაზე მტკივნეული ცრემლები ორი წლის წინ დავღვარე, მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. პანაშვიდზე და გასვენებაში საერთოდ არ მიტირია, მაგრამ ცოტა დრო რომ გავიდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ბევრს ვტიროდი. დიდი დრო დამჭირდა, იმასთან შესაგუებლად, რომ უკვე დიდი გოგო ვარ. როდესაც მშობლები ცოცხლები არიან, ეს უდიდესი ბედნიერებაა. რამხელებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ბავშვებად ვრჩებით. ხოლო, როცა მათ ვკარგავთ, ჩვენი ბავშვობა მთავრდება. ამ ტკივილის გამო დღემდე ვტირი. დღე არ გავა, დედა არ გამახსენდეს. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, დრო მკურნალიაო და სამწუხაროდ, ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ ტკივილს ვერაფერი კურნავს.