LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრეობით დაწყებული კარიერა და განგსტერული რეპის ჰიმნი, რომელმაც სამყარო შეცვალა – საინტერესო ფაქტები Coolio-ს შესახებ

179
coolio

2022 წელი 90-იანების მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდებათ, რადგან სწორედ ამ წელს სამყაროს დააკლდა კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც ასე ანათებდა ბნელ 90-იანებს თავისი პოპულარული ჰიტებით. რეპშემსრულებელი Coolio 59 წლის ასაკში  გარდაიცვალა. მან საქვეყნო აღიარება 90-იან წლებში მოიპოვა ალბომებით It Takes a Thief, Gangsta’s Paradise და My Soul.

Coolio 1963 წლის აგვისტოში დაიბადა. როგორც ამბობენ, საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან ის ხშირად ავადობდა ქრონიკული ასთმის დიაგნოზით. ქუჩაში გატარებულმა დრომ ფუჭად არ ჩაიარა და ის ნარკოტიკებს მიეძალა, არაერთხელ იყო დაპატიმრებული. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ Coolio-ს კოლეჯში სწავლა გაეგრძელებინა, სწორედ ამ დროს სან-ხოსეში გადავიდა საცხოვრებლად და მეხანძრედ მუშაობა დაიწყო.

სულ პირველად პოპულარული გახდა 1987 წელს, როცა გამოვიდა სადებიუტო სინგლი Whatcha Gonna Do, რასაც მალევე მოჰყვა სიმღერა What Makes You Dance და თანამშრომლობა ჯგუფთან WC and the Maad Circle. ამ პერიოდში რეპერმა სოლოკარიერა დაიწყო. გააფორმა კონტრაქტი Tommy Boy Records-თან და გამოუშვა ალბომი It Takes a Thief. პოპულარობის პიკი კი გახდა 1995 წელს გამოსული Gangsta’s Paradise, რომელიც განგსტერული რეპის ჰიმნად იქცა. ეს გახლდათ სტივ უანდერის ლეგენდარული ჰიტის Pastime Paradis-ის ქავერ ვერსია, რომელიც ახალი არანჟირებითა და სრულიად სხვა ტექსტის წყალობით, განსხვავებულ სიმღერად გადაიქცა. სიმღერა მალევე მოექცა მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური ჩარტების სათავეში და MTV Video Music Awards-ის ტრიუმფატორიც გახდა. სწორედ ეს სიმღერა არის საუნდტრეკი გახმაურებული ფილმისა „სახიფათო აზრები“, სადაც მთავარ როლს მიშელ პფაიფერი ასრულებს. სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ რიგით მეორე ალბომიც ქულიომ ამ სახელწოდებით გამოსცა და არც შემცდარა.

პოპულარობის პიკზე მყოფი ქულიო კინოშიც გამოჩნდა. ის მონაწილეობდა სერიალში „მარტინი“, მოგვიანებით კი, რამდენიმე პოპულარულ პროექტში გამოჩნდა. მაგალითად, გახლდათ პროექტ American Hustle Life-ის მენტორი, სადაც ჯგუფ BTS-ს კურირებდა. 1996 წელს Coolio დაქორწინდა ხოსეფა სალინასზე, რომელთანაც ოთხი წელი გაატარა. ამის შემდეგ Coolio-ს პირადზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ მას სხვადასხვა რომანიდან 10 შვილი ჰყავს, თუმცა ეს ინფორმაცია არაოფიციალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები