დასავლეთ აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან მეკობრეების თავდასხმის შედეგად გატაცებული ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ გემფლობელთან და საბერძნეთის შესაბამის უწყებებთან.
„ჯერჯერობით ახალი არაფერია. რაც გავრცელდა, ის ინფორმაცია გვაქვს. გემფლობელთან კავშირზე ვართ და ველოდებით სიახლეს.
პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ მეკობრეები 2-3 დღის შემდეგ გამოდიან გემფლობელთან კონტაქტზე. კავშირზე ვართ როგორც გემფლობელთან, ასევე საბერძნეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ტოგოშიც გვაქვს კომუნიკაცია.
არა მარტო ჩვენ, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროც დიპლომატიური არხებით ჩართულია. როგორც კი სიახლე იქნება, ინფორმაციას მოგაწვდით. ჯერჯერობით უცვლელია სიტუაცია. ყველა მხრიდან მზადყოფნაა, რომ აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებაში ჩავერთოთ და ჩვენი მეზღვაური უსაფრთხოდ დავაბრუნოთ“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს.
მეკობრეებმა ქართველი მეზღვაური გაიტაცეს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შეიარაღებული პირები საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს დაესხნენ, რა დროსაც ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 ადამიანი გაიტაცეს
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერს. მეკობრეებმა ეკიპაჟის 4 წევრი გაიტაცეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელია.
„როიტერის“ ცნობით, თავდასხმას გასროლაც მოჰყვა, ხოლო ბერძნული მედიასაშუალებების და საბერძნეთის საზღვაო ძალების ინფორმაციით, დაჭრილია გემის ერთი მცველი. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მათ გატაცებული მეზღვაურის ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.