„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილონ და პოზიციები შეაჯერონ:
„მეგობრებო!
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე.
ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.
არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.
შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.