LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია NDI-ის კვლევაზე: სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა, თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია

69
Untitled design - 2022-01-28T174529.254

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკითხვის შეფასებისას განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე, მომავლის ხედვა არის დაკარგული.

ნიკა მელიას განცხადებით, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, ქვეყანაში არსებულ შიშზე მიუთითებს.

მისი თქმით, ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, მათი პარტიის არჩეული სტრატეგიაა, იყვნენ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან და არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.

„მოკლედ მინდა შევაფასო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი და ის, თუ რა მიმაჩნია მნიშვნელოვან ინდიკატორებად. პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტობრივად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი პროცენტის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 6% . ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს – ერთი კი ფაქტია, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს ადასტურებს.

რა თქმა უნდა მე, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მხარდამჭერი, უკეთეს საარჩევნო (გარემოს მიუხედავად) შედეგს ვისურვებდი და სწორედ იმიტომ, რომ სურვილი სურვილად არ დარჩეს და ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებამდე მივიდეთ, სწორად უნდა გავიაზროთ, რა სურს ხალხს და სინამდვილეში რა არის ყველაზე საინტერესო აღნიშნულ კვლევაში:

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსახლეობას მიუხედავად გამოხატული თუ არ გამოხატული პოლიტიკური პოზიციისა აქვს ერთნაირი აღქმა, კერძოდ კი: ის, რომ სიღარიბე და ეკონომიკური საკითხები ერთნაირად პრობლემურად მიაჩნიათ, როგორც მთავრობის ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს – მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური პრობლემების. ასევე, მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით – ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია.

პირადად ჩემი აზრით, ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე მომავლის ხედვა არის დაკარგული, ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ. ნორმალურ ქვეყანაში მთავარი სიტყვები, რაც საჯაროდ უნდა ისმოდეს, უნდა ეხებოდეს ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, ქვეყნის მომავალს, განსახორციელებელ პროექტებს და ასე შემდეგ მოკლედ, ეს წელი უმნიშვნელოვანესი წელია, უამრავ რამეს უნდა ჩაეყაროს საფუძველი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g