„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ნიკა მელიამ ერთპარტიული მმართველობის სტილში არ ისაუბრა – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქართული ოცნების ჩანაცვლებაზე, არამედ მას უფრო ფართო, ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკური მიდგომა აქვს,“ – ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, დანიელ ფრიდმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ფრიდმა აღნიშნა, ენმ-ს თავმჯდომარეს აქამდე არ შეხვედრია, თუმცა, მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, რადგან ის დაკავებული იყო და პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
„შეხვედრისას მას არ დაუხარჯავს დრო ოპონენტებზე თავდასხმაზე, მან ძალზედ კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. კარგია, როცა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერს შეუძლია, ჩამოვიდეს ვაშინგტონში და ისაუბროს ისე, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს ეკადრება, თუნდაც დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან,“ – განაცხადა დანიელ ფრიდმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი ატლანტიკურ საბჭოში იმყოფებოდნენ, სადაც საბჭოს ვიცე-პრეზიდენტსა და სხვა წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე გამახვილდა, ასევე, არჩევნებისთვის ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე.
ენმ-ს ლიდერები დღეს, ამერიკელ სენატორებს შეხვდებიან.