28 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ბექა გოჩიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც გადაცემის პირველ ნაწილში 3 ოქტომბერს დაგეგმილ ფესტივალზე Jazz and Wine ისაუბრა, მეორე ნაწილი კი წამყვანის მიერ დასმულ ბლიცკითხვებს გულწრფელად უპასუხა
– ბექა, ინტენსიური მუშაობის და მუდმივი გასტროლების შემდეგ, როგორ შეეგუეთ იძულებით შესვენებას?
– ძალიან გამიჭირდა. მუდმივი კონცერტები და გამოსვლები ცხოვრების წესად იქცა, ამიტომ რთულია, როცა ყველაფერი მოულოდნელად ჩერდება და წარმოდგენა არ გაქვს, რა აკეთო. იმედია, გაურკვევლობა მალე დასრულდება და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
– რა ასაკში მიხვდით, რომ გაიზარდეთ და უკვე სერიოზული პასუხისმგებლობა გაქვთ?
– გარკვეული პასუხისმგებლობა ბავშვობიდანვე ვიტვირთე, რომელიც ასაკის მატებასთან და კარიერულ განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება.
– როგორი წარმოგედგინათ საკუთარი თავი ბავშვობაში და რამდენად გაამართლეთ ბავშვობის იმედი?
– მეგონა, რომ მთელი ცხოვრება რომელიმე რესტორანში დავუკრავდი, საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კი, არასდროს მიფიქრია.
– განვლილ ცხოვრებაზე როცა ფიქრობთ, რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ბევრ რამეს გავუკვირვებივარ, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მახსოვს. ბოლო წლებში კი, საერთოდ არაფერი აღარ მიკვირს.
– თქვენი აზრით, რამდენად არის ბედნიერება სიმდიდრეში?
– რა თქმა უნდა, კარგია ბევრი ფული, მაგრამ გამდიდრება არასდროს არ უნდა იყოს თვითმიზანი.
– ნიჭსა და იღბალს შორის რომ გქონდეთ არჩევანი, რომელს აირჩევდით?
– ჩემი აზრით, ნიჭი უკვე იღბალია.
– თქვენს ცხოვრებაზე, რომ ფილმს იღებდნენ, ვის ისურვებდით რეჟისორად?
– ალბათ, ოთარ იოსელიანს.
– რა უფრო ცუდია მარცხი თუ მარცხის შიშით უმოქმედობა?
– რა თქმა უნდა, მარცხი.
– გაქვთ თუ არა საიდუმლო, რომელსაც მეუღლესაც არ უმხელთ?
– არა, მეუღლეს ყველაფერს გულწრფელად ვეუბნები.
– როგორ შეეგუეთ ოჯახურ ცხოვრებას?
– სიმართლე ვთქვა, განსაკუთრებული ცვლილება არ მიგრძვნია. ჩვენ ისევ ახალგაზრდები და ისევ ერთმანეთზე ვართ შეყვარებული.
– რაში დახარჯეთ პირველი ჰონორარი?
– პირველი ჰონორარი ადრეულ ასაკში მივიღე და დედას გავუკეთე საჩუქარი.
– რას ვერ ელევით, რისი დატოვება გიჭირთ წარსულში?
– ძალიან მენატრება ის პერიოდი, როცა პირველად მოვაწყვეთ ტური ევროპაში, რადგან სიახლე იყო ჩემთვის და ძალიან მიხაროდა. ამასთანავე, სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი მეუღლე.
– რას ელი მომავლისგან?
– არაფერს, პირიქით მომავალი ჩვენგან უნდა ელოდოს სიახლეს, რადგან ადამიანი ყოველთვის თვითონ ქმნის მომავალს.
– ახალი ალბომის ჩაწერას ხომ არ გეგმავთ?
– რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ალბომზე მუშაობა, რადგან ორი წელია ახალი არაფერი ჩამიწერია. სავარაუდოდ, ნიუ-იორკში ჩავწერ და ცნობილ ადამიანებს მოვიწვევ განსაკუთრებულ სტუმრებად, თუმცა კონკრეტულად როდის შევძლებ ჩანაფიქრის განხორციელებას ჯერ არ ვიცი.