2014 წელს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი, რომელსაც გასულ წელს კიდევ ერთი შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ფატი ჭელიშვილი წერს, დღეს, 14 აპრილს მისი გარდაცვლილი შვილის, ლაშას დაბადების დღეა – ის 35 წლის გახდებოდა.
„ქრისტე აღდგა, „იმედი ცოცხალთა და მკვდართა“.
ჩემო ლაშა, 14.04.91 მოევლინე და დედად მაქციე, ჩემო ლაშა. მერე ჩვენმა ფერიამ, სალომემ გაალამაზა ჩვენი ცხოვრება… დღეს კი ორივეს დაგტირით. მტკივხართ და მენატრებით შვილებო… დაე,იყოს ნება უფლის…
შენი დაბადების დღეა, ჩემო ლაშა, 35 შეუსრულებელი“, – წერს ფატი ჭელიშვილი „ფეისბუკში“.
ცნობისათვის, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ერთ-ერთ პარკში, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა. სერგი საცერაძეს სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სტრასბურგმა პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა – საიას ცნობით, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სალომეს ძმამ, 34 წლის ლაშა ჯორბენაძემ.
