LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მექსიკის ციხეში ყოფნის პერიოდი, ალბათ, ყველაზე ხანგრძლივი სატანჯველი იყო რაც გამივლია.. ვერ ხედავ, გარეთ დღეა თუ ღამეა“ – რა გზა გაიარა ქართველმა გოგომ მექსიკიდან ამერიკაში მოსახვედრად და რას ურჩევს მოქალაქეებს

2090
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაანონსდა ახალი გადაცემა – „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“, რომლის მიზანი ნიუ-იორკიდან 21-ე საუკუნის ემიგრაციის ისტორიის გაშუქებაა.

გადაცემის წამყვანი, თავად ემიგრანტია და საზოგადოებას აცნობს იმ გმირებს, რომლებმაც რთული თუ მარტივი გზით, ემიგრაციის ისტორია შექმნეს.

პირველი გადაცემის ერთ-ერთი ასეთი გმირი, ქართველი ემიგრანტი თათია წულაძეა, რომელმაც შვილთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გზა გაიარა, რათა მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრილიყო.

„პირველი რაც მახსოვს, როცა ამერიკის საზღვარზე გადმოვედით, ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ეს იყო მშვიდი ამოსუნთქვა. როგორც კი გადადიხარ, სასაზღვრო პოლიცია მოდის, რომელიც იბარებს პასპორტებს, ხდება რეგისტრაცია და ციხეში გადაყავხარ.

გზაში ერთად ვიყავით – მე, ჩემი ქმარი, ლუკა და სანდრო. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გვერდზე მყავდნენ, კარგად იყვნენ. მახსოვს, როგორც კი გადაგვიყვანეს, დაცვამ ხელი მოგვკიდა მე და სანდროს, ლუკა კი ცალკე წაიყვანეს. ახსნა არავის დაუწყია. დავრჩი ბავშვთან ერთად. არ ვიცოდი, ლუკა, სად იყო. როდესაც ვკითხულობდი, ქმარს როდის ვნახავ-თქო. მეუბნებოდნენ – როცა აქედან გახვალ..

[ამ დროს] ხელში გიჭირავს 10 თვის ბავშვი, რომელიც დასტრესილია, დაღლილი, ცალკე დაღლილობისგან შენც ითიშები, იმიტომ რომ დაახლოებით, 40 წუთი დარბოდი უდაბნოში. ახლა რომ მახსენდება, რაღაცნაირად მეცინება. ეს კითხვები 6 თვის წინ რომ დაგესვათ, ცრემლებად დავიღვრებოდი.

ძალიან გადავხარშე ეს ყველაფერი, მაგრამ მექსიკის ციხეში ყოფნის პერიოდი, 14 საათი გავჩერდით, ალბათ ყველაზე ხანგრძლივი სატანჯველი იყო რაც გამივლია, იმიტომ რომ უბრალოდ, არ ვიცოდი ლუკა სად იყო. ვერ ვიგებდი, ვუშველო, შველა სჭირდება, ვინმესთან დარეკვის შესაძლებლობაც არ მქონდა. არ ვიცოდი, რომელი საათი იყო, რადგან ყველგან ჩამოფარებულია დარაბები.  ვერ ხედავ, გარეთ დღეა თუ ღამეა და შიგნით არ არის საათი არსად. თითო საკანში 50 ადამიანი იყო, ჩვენს შემთხვევაში ორჯერ უფრო მეტი, რადგან თითო დედაზე მინიმუმ თითო ბავშვი მოდიოდა.

მახსოვს, იქ დაყრილ 50 მატრასზე, დაახლოებით, 100-150 ადამიანს გვეძინა.. სულ მქონდა შიში, ვინმემ ფეხი არ დააბიჯოს ბავშვს, რაღაც არ დაუშავდეს-თქო. აქამდე, მსგავს ისტორიებს რომ ვუსმენდი, რაღაც პათეტიკური მეგონა, სადამ მე თვითონ არ შევეჩეხე და არ აღვიქვი, რამდენად რთულია რეალურად.

იმ ადამიანებმა, ვინც ახლა გეგმავენ ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვედრას, პირველ რიგში, უნდა იცოდნენ რომ აქ არ დახვდებათ ყველაფერი ისე, როგორც ელოდებიან, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, რომ არც შეუძლებელია აქ რაღაცების გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია საღი მენტალური მზაობა იმისთვის, თუ რა ელოდებათ აქ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციის მოძიება, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველაფერი ინფორმაციაზე დგას. უამრავი პროცედურული საკითხის გავლა მოუწევთ, თავშესაფრის მოთხოვნიდან დაწყებული, ადვოკატთან სხვა სახის ურთიერთობით დამთავრებული.. გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ ძალიან ქაოსურია აქაურობა..“ – ამბობს თათია წულაძე.

 

ვიდეო „Georgian Media in New York“

mazda magti 5g