UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის თქმით, ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად საქართველოში ჩამოვა.
ამის შესახებ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინა დრამასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად”, – აღნიშნა დვალიშვილმა.
„ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“ – მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა
ნინა ცნობილი მოდელი, ტიკტოკერი, ჟურნალისტი და ინფლუენსერია.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენ-პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.