UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა და საკუთარი გამარჯვებით გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა, მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის.
ვიდეომიმართვაში, რომელსაც adjarabet-ი აქვეყნებს, მერაბ დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ის უკვე შემდეგ ბრძოლაზე ფიქრობს და გამარჯვებები წინ არის:
„კარგი ბრძოლა ვაჩვენეთ, ყველა კმაყოფილი იყო. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, დარბაზშიც საკმაოდ მრავლად იყვნენ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ქართველს. საქართველოში ხომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მგულშემატკივრობენ და მიყურებენ, ამას ვგრძნობ და დიდი მადლობა. დიდი მადლობა საქართველოს ყველა ემიგრანტს მსოფლიოში.
მე უკვე შემდეგ ბრძოლაზე ვფიქრობ, ეს უკვე წარსულია. სოციალური ქსელი მახსენებს, რომ გუშინ რაღაც დიდი მოხდა, თორემ მე უკვე ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ჭრილში ვიცხოვრო. კიდევ ერთხელ, ყველას მადლობა მოლოცვისთვის, მხარდაჭერისთვის, ყველაფერი წინ არის, გამარჯვებები კიდევ წინ არის!“ – აღნიშნავს მერაბ დვალიშვილი.
ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილმა რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა, შესაბამისად ის კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია.
მერაბ დვალიშვილმა აღნიშნულ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა, მას ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.