ქართველი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც რეჟისორი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
-„ქართული ოცნების“ ოპონენტები ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ბევრ რამეს, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო და არ გააკეთა. თქვენ რას იტყვით ამის თაობაზე?
-ზოგ-ზოგიერთებმა ოღონდ თვითონ მოიპოვონ თანამდებობა და ამის გამო ყველაფერს იკადრებენ. როგორ შეიძლება იმის დავიწყება, რაც ამ პიროვნებამ საქართველოსთვის გააკეთა? წესით, საქართველოში ყველა მისი მადლობელი უნდა იყოს.
ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან რომ არ წასულიყო, ალბათ, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამწუხაროდ, ქართველები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ყველა იმას ამტკიცებს, რომ მისი მოსაზრებაა სწორი და უტყუარი. იმ საკითხებზეც ვერ შეთანხმებულან, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვროს.
ლანძღავენ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში აღარ ერევა, რომელმაც ყველაფერი გვაჩუქა და გვითხრა, სიკეთისთვის მოიხმარეთო.
– თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანას სწორედ ივანიშვილი მართავს.
– ერთი არგუმენტი მაინც მოიყვანონ, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს! არ მართავს, წავიდა, სადავეები სხვებს მიანდო და გვითხრა, ქართველებო, თქვენ მართეთ ეს ქვეყანაო, ჩვენ კი ერთმანეთს გადავემტერეთ და დავერიეთ.
დაგვავიწყდა სახარებისეული შეგონება: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” და იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ. ჩემი აზრით, განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია ის, რომ პოლიტიკაში ბევრი უცოდინარი ადამიანი მოვიდა, რომელთაც მხოლოდ ქვეყნის მართვა სურთ, მაგრამ როგორ მართონ, არ იციან.
დამისახელეთ თუნდაც ერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც ამ საქმეს ასწავლიან – ასეთი დაწესებულება არ არსებობს და ამ სფეროშიც ბევრ შემთხვევით ადამიანს ვხედავთ. ვფიქრობ, პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არც ქვეყნის მართვა იციან და არც – საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩვენთან კი ლამის ბავშვები იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას ისე, რომ ამ საქმისა არაფერი გაეგებათ. როცა არ იცი, როგორ უნდა აშენო, ღირებულს ვერაფერს ააშენებ.
ცუდად ნაშენებ სახლს მცირე მიწისძვრაც კი დაანგრევს და მეწყერი წაიღებს, მაგრამ თუ შენობას მტკიცე საფუძველი ექნება, მაშინ ვერაფერი მოერევა. როგორც ფილმის გადაღებას სჭირდება ცოდნა და გამოცდილება, ასევე სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობასაც.