რუსმა ოლიგარქმა ელტონ ჯონსა და მერაია ქერის მილიონობით დოლარი გადაუხადა, მისი 19 წლის შვილიშვილის ქორწილში რომ ემღერათ, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
ბიზნესმენ ვალერი კოგანის შვილიშვილი, ირენე კოგანი შაბათს დანიელ კევეიზე დაქორწინდა, საზეიმო ცერემონია ლონდონში შედგა.
მერაია ქერის აშშ-დან ინგლისში ჩასვლისა და სიმღერის შესრულებისთვის 3 მლნ. დოლარი გადაუხადეს, ელტონ ჯონს კი მილიონ დოლარზე მეტი. ელტონ ჯონმა ქორწილში 12 სიმღერა შეასრულა, Tiny Dancer კი პატარძალს მიუძღვნა.
ქორწილში იმყოფებოდა მსახიობი ანტონიო ბანდერასიც, რუსული ესტრადის ათობით ვარსკვლავი, საღამო კი დიჯეიმ დაასრულა. ფოტოებზე ჩანს, რომ წყვილმა უზარმაზარი ტორტი გაჭრა.
პატარძლის 65 წლის რუსი ებრაელი პაპა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება 2 მილიარდზე მეტია.
კოგანის საკუთრებაშია მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიც.