მერაია ქერის მეოთხე და პირველ საშობაო სტუდიურ ალბომს – Merry Christmas, რომელიც 1994 წლით თარიღდება, ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ 15 დეკემბერს, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ დისკით, რომლის გამოსვლიდან 28 ოქტომბერს 31 წელი გავიდა, არტისტმა ამ ჭრილში ბრილიანტის სერტიფიკატი მესამედ მიიღო.
ცნობისთვის, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის წესდებით, მას შემდეგ, რაც ალბომის თუ სინგლის 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლეს – ბრილიანტის სერტიფიკატს წარმოადგენს.
აქამდე ამავე ნიშნულს მომღერლის 1993 წლის მესამე და 1995 წლის მეხუთე სტუდიურმა ალბომებმა – Music Box და Daydream მიაღწია.
შედეგად, მერაია ქერი უიტნი ჰიუსტონსა და შანია ტვეინს გაუთანაბრდა და მესამე ქალი არტისტი გახდა, რომელსაც დისკოგრაფიაში სამი ბრილიანტის სერტიფიცირებული ალბომი აქვს.
ამასთან, ფირფიტაში შესული სიმღერა – All I Want for Christmas Is You პირველი და ერთადერთი საშობაო ტრეკია, რომელსაც ასევე ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში, 100-მდე ალბომს აქვს.