LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერანოს ღვინის ფესტივალი შატო მუხრანში, 11 ივნისს გაიმართება – რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს

221
მერანო

მერანოს ღვინის ფესტივალი პირველი ღვინის ფესტივალია ევროპაში და ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ფესტივალში მონაწილე მეღვინეობები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია.

2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩატარდა, შატო მუხრანისა და „ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.

წელს ფესტივალი 11 ივნისს, კვირას, „შატო მუხრანის“ სასახლესა და ახლად აშენებულ ღონისძიებების სივრცეში „ორანჟერეაში“ გაიმართება.

„ფორტუნასთან“ საუბარში ასოციაცია „ქართული ღვინოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირაკლი ღადუაშვილი აცხადებს, რომ ფესტივალის მიმართ საქართველოში ინტერესი გაზრდილია.

„მერანოს ღვინის ფესტივალი  1992 წლიდან ტარდება იტალიაში, ქალაქ მერანოში. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ამ ფესტივალში წარმატებით იღებს მონაწილეობას. საქართველოში გამართული ფესტივალი ემსახურება ქართული ხარისხიანი ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. წელს ღვინის ფესტივალის მიმართ ინტერესი გაზრდილია, როგორც ადგილობრივი ღვინის კომპანიებისგან, ისე უცხოელი მწარმოებლებისგან. ფესტივალი ხელს შეუწყობს, როგორც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საზღვრებს გარეთ, ისე  ღვინის ტურიზმიც განვითარებას, რაც ჩვენი მწარმოებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ასოციაცია „ქართული ღვინოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირაკლი ღადუაშვილი.

ფესტივალის  უნიკალურობაზე საუბრობს „ფორტუნასთან“ შატო მუხრანის კვებისა და სასმლის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ხარატიშვილი.

„ფესტივალი უნიკალურია იმით, რომ ღვინოსთან ერთად იქნება გურმეს ნაწილიც, ანუ იქნება კვების პროდუქტების გამოფენაც. მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ  გამოფენისთვის წინასწარ ხდება ღვინის სელექცია. მოხარული ვარ, რომ „შატო მუხრანი“ მეორე წელია მასპინძლობს ფესტივალს“, – აცხადებს გიორგი ხარატიშვილი.

 

ფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ესაუბრა „ფორტუნას“ თეონა ტალახაძე – „შატო მუხრანის“ ბრენდ ამბასადორი.

„ფესტივალზე გაიმართება სხვადასხვა სემინარი ღვინისა და ღვინის ისტორიის შესახებ. გვექნება პროფესიონალური დეგუსტაციები, კულინარიული მასტერკლასები, ერთი ქართული სამზარეულოს და ორი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო შესახებ, რომელსაც ჩაატარებს თურქეთში მცხოვრები ჰოლანდიელი შეფი მილერი, რომლის რესტორანიც მიშლენის ვარსკვლავზეა წარდგენილი“, – აცხადებს თეონა ტალახაძე.

 

 

ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება ქართული, თურქული, იტალიური გასტრონომიული პროდუქტებისა და ინგრედიენტების დაგემოვნება და შეძენა. მერანოს ღვინის ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც უცხოური მედია გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

 

ფესტივალი, 11 ივნისს შატო მუხრანში დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g