Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დაიწყო. პირველი დღე AVTANDIL-ს დაეთმო. დიზაინერმა 90-იანი წლების თამაშები კოსტიუმებზე პრინტის სახით გადაიტანა, მასალად კი მხოლოდ შალი, აბრეშუმი, ტყავი და ორგანზა გამოიყენა.
რატომ აირჩია კომპიუტერული თამაშები კოლექციის თემატიკად, თვითონვე განმარტავს: „კომპიუტერულმა თამაშებმა, ზოგადად კომპიუტერულმა სივრცემ მოიცვა მთელი მსოფლიო და ადამიანები. ასე რომ, იდეა თამაშიდან წამოვიდა, რომელსაც თამაშობს ნებისმიერი ადამიანი, ერთობა და ყურადღება გადააქვს. უშუალოდ თამაშები კი 90-იანი პერიოდიდან ავირჩიე“.
ავთანდილის ჩვენება ჰელმუტ ნიუტონის მუზამ, 90-იანი წლების ტოპ მოდელმა, სილვია გობელმა გახსნა. სწორედ ის გახლდათ კოლექციის სახე.
Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ხელმძღვანელის, სოფო ჭყონიას თქმით, ბაიერებს ავთანდილის კოლექცია ძალიან მოეწონათ, პირადად მისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო დადგმა და მოდელები იყო. სალომე ღვინიაშვილმა და თაკო ჩხეიძემ კოლექციიდან ქურთუკებზე გააკეთეს აქცენტი.
მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე კოლექციის ფერადოვნებამ გაახარა – „კოლექცია ძალიან მომეწონა – ფერადია. ზამთარი ყოველთვის კარგია, ფერადი და ბრჭყვიალა. ავთოს ტანსაცმელი შეიძლება ჩაიცვას ყველა ასაკის ადამიანმა. მთავარია სწორად და ლოგიკურად შევიმოსოთ, ბრჭყვიალასაც და ფერადსაც მოირგებს ნებისმიერი ასაკის ადამიანი“, – აღნიშნა დალი ჩიტალაძემ.
წარმატებული დიზაინერი, ახლა კი ერთ-ერთი მულტიბრენდული მაღაზიის დირექტორი, ფატუნა ბუშიჰედი, ავთანდილის ჩვენებას ასე აფასებს: „ეს იყო ძალიან საინტერესო ჩვენეება, ჭრელი ფერები, არა ქალური სილუეტი, ცოტა კონცეპტუალური, ცოტა კრეატიული, მაგრამ მაინც სექსუალური. ავთანდილს აქვს თავისთვის დამახასიათებელი ხელწერა. მისი კოლექციები ყოველთვის განსხვავებულია და ერთმანეთისაგან გამოირჩევა, თუმცა საერთო ხაზი ყოველთვისაა დაცული“.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5-დან 9 მაისის ჩათვლით გრძელდება.