Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული დასრულდა. ქართველმა დიზაინერებმა წარმოადგინეს საკუთარი კოლექციები. კვირეულის ფარგლებში იმართებოდა შოურუმებიც.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე მთელი მსოფლიოდან დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მოდის თაყვანისმცემლები იყვნენ ჩამოსულები.
კმაყოფილები არიან ქართველი დიზაინერები, რადგან ბაიერების დაინტერესება შეძლეს და ბევრ მათგანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უცხოელმა მყიდველებმა 10 კოლექცია უკვე სრულად შეიძინეს. სეზონის ყველაზე გაყიდვად დიზაინერებში კი ჯაბა დიასამიძე, ბესარიონი, აკა ნანიტაშვილი და დათუნა მოხვდნენ. მათი კოლექციები ჩვენებების დასრულების შემდეგ, ძალიან მოკლე დროში გაიყიდა.
„საკმაოდ კარგად ჩაიარა ამ სეზონმა. სტუმრები ძალიან კმაყოფილები არიან, ზოგს წასვლაც არ უნდოდა, ისეთი აღფრთოვანებულები არიან ქართველი დიზაინერებით. ძალიან წარმატებული სეზონი იყო“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ხელმძღვანელმა, სოფო ჭყონიამ.
მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე კი კვირეულს ორგანიზებულობით და მაღალი დონით გამოარჩევს. მან ფავორიტი დიზაინერები დაასახელა, რომელთა სიაში თამუნა ინგოროყვა, ირაკლი რუსაძე, ავთანდილი და დათუნა მოხვდნენ. ასევე აღნიშნა, რომ დიანა კვარიანის კოლექცია ძალიან ლამაზი იყო. გამოფენებსაც დადებითად აფასებს და “More is Love”-სა და სიმონ მაჩაბელის თილისმას გამოყოფს.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 5 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.