კომპანია Mercedes-Benz–მა გადაწყვიტა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების წარმოებაზე უარი თქვას. გარდა ამისა, კონცერნი მუშაობს უნივერსალური პლატფორმის შექმნაზე და ძრავთა ვარიაციასაც ამცირებს.
ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აღარ მიეცემათ იმის საშუალება, რომ „მექანიკით“ დაკომპლექტებული ავტომობილი შეიძინონ. გერმანულმა კონცერნმა გადაწყვიტა აშშ–ს მაგალითი გაიმეოროს და მსგავსი ოფციის მქონე ავტომობილებზე საბოლოოდ უარი თქვას. შეგახსენებთ, რომ აშშ–ში მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე უკანასკნელი ავტომობილი კონვეიერიდან 2015 წელს ჩამოვიდა.
რაც შეეხება Mercedes–ს, ბრენდი უნივერსალური მოდულის პლატფორმაზეც მუშაობს, რომელზეც მომავალში განსხვავებული ტიპის ავტომობილების აგება იქნება შესაძლებელი. ასევე, 2030 წლამდე ბრენდი მავნე გამონაბოლქვის მაქსიმალურად შემცირებასაც გეგმავს, ამიტომ დიზელის ძრავიანი მოდელები მაქსიმალურად შემცირდება და მათ ელექტრომობილები ჩაანაცვლებს.