მერი ჯეი ბლაიჯმა 2005 წლის სიმღერის – Be Without You შექმნაზე ისაუბრა. ახლახან გავრცელებულ ინტერვიუში, მომღერალმა აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტის შექმნის შთაგონების წყარო მერაია ქერის იმავე წლის ტრეკი – We Belong Together გახდა.
ბლაიჯის თქმით, ქერის შემოქმედებას მის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მისი განმარტებით, სიმღერამ – We Belong Together მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურდა, თავადაც შეექმნა მსგავსი ემოციური მუხტის მქონე კომპოზიცია, რომელიც მსმენელისთვის ახლობელი იქნებოდა.
,,როდესაც მერაიას სიმღერა მოვისმინე, მასში არსებულმა ღრმა და გულწრფელი სიყვარულის განცდამ მომხიბლა. მსურდა, თავადაც ჩამეწერა ისეთი სიმღერა, რომელიც მსმენელთან მსგავს ემოციურ კავშირს დაამყარებდა” – დასძინა ბლაიჯმა.
სწორედ ამიტომ, მან მიმართა პროდიუსერებს — ბრაიან-მაიკლ კოქსსა და ჯონტა ოსტინს, რომლებიც მერაიას ზემოხსენებული სიმღერის თანაავტორები იყვნენ და სთხოვა, ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში დახმარებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, ბლაიჯის ჩანაფიქრმა გაამართლა: Be Without You მის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სიმღერად იქცა და დღემდე რჩება ალბომის – The Breakthrough მთავარ სიმბოლოდ.