LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია 206-ე ბაღის დირექტორისა და აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

89

მერია 206-ე ბაღის დირექტორისა და აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობამ ოფიციალური წერილი გაავრცელა..

განცხადებაში ნათქვამია, რომ მერია ამ ფაქტს გმობს და საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნული ფაქტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ასევე, წერილში დედაქალაქის მთავრობა მოუწოდებს სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს.  

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. 

თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან.   

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

206-ე ბაღის ფანჯრიდან აღსაზრდელი დღეს დილას გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.