თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული ხე-მცენარეების შესახებ ბრიფინგი გამართა.
ლექვინაძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების დაზიანების კვალი 2012 და 2016 წლის ხანძრის შედეგად აღენიშნება.
,,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, ხე-მცენარეები უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია სიმართლეს არ შეესაბამება.
ის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ხეებია „ლისი დეველოპმენტის“ კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რასთან დაკავშირებითაც კერძო მესაკუთრემ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.
ამასთან, არსებობს ფოტომასალა, რომელიც 2016 წლით თარიღდება და ზუსტად იმ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, ასევე, დაზიანებულ ხე-მცენარეებს ასახავს, რომელსაც „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“-ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს, როგორც ახალ ამბავს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თბილისის მერია ქალაქში ხე-მცენარეების დაზიანების არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ნუ შეეცდებიან საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით მანიპულირებას“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.