თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებს განსაზღვრული უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად საკუთრებაში უნდა გადასცეს. ამას ითვალისწინებს მთავრობის 9 მარტს გამოცემული განკარგულება, რომლითაც დედაქალაქში კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარება თბილისის მერიას დაევალა.
თუ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები არსებულ საშინაო ვალზე უარს იტყვიან, მათ მერია უძრავ ქონებას გადასცემს. გადასაცემ ქონებას მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირებს.
ამასთან, მერიამ ფინანსთა სამინისტროს იმ პირთა სია უნდა მიაწოდოს, რომელთაც უძრავი ქონება გადაეცემათ.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მერიის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული, შერჩეული უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა გადასცეს.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ჯერჯერობით ამ მიმართულებით არანაირი ღონისძიებები არ განხორციელებულა.