LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: მგზავრობის ფასი არ გაძვირდება

212

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს.

დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, გაუგებარია ამ ვარაუდოს დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.

“ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მათი განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალურ ფაქტორს  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.

“თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს”, – აცხადებენ მერიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g