სასამართლო პროცესზე „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ჰკითხა, რატომ ითვალისწინებს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას:
„თქვენ წარმოდგენილი ხართ, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? იცით ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე სასჯელს… რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ, რომ მითხრათ?“ — იკითხა მან.
დგებუაძის თქმით, ამაღლობელმა პოლიციელს მიზანმიმართულად გაარტყა სახეში, რაც კანონით გათვალისწინებული დანაშაულია.
„ირაკლი დგებუაძის მიზანი თქვენი საპყრობილეში ყოფნა არასოდეს ყოფილა… გულწრფელად არ გისურვებთ საპყრობილეში არც 4 წელს და არც არცერთ დღეს… თქვენი სტრატეგია არ მუშაობს. არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის ისე, რომ 4-დან 7 წლამდე არ იყოთ საპყრობილეში“, – აღნიშნა ირაკლი დგებუაძემ.
ირაკლი დგებუაძის ამ განმარტებაზე ამაღლობელმა უპასუხა, რომ მისი აზრით, შურისძიებას აქვს ადგილი
„პირდაპირ გეუბნებით, რომ ცდებით… არ ვისურვებდი თქვენს ციხეში ყოფნას… ჩემი აღქმით, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ“, – უპასუხა ირაკლი დგებუაძემ.