მესტიიდან 14 კმ-ში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, ამ დროისთვის გარესამყაროს 8 ოჯახია მოწყვეტილი, ადგილზე გეოლოგების ჩასვლას კი დღეს ელოდებიან. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
„გადაუღებელი წვიმებისა და თოვლის დნობის შედეგად ერთი კვირაა მეწყრული პროცესები დაიწყო, განსაკუთრებით გუშინ და გუშინწინ გააქტიურდა. მძიმე ტექნიკა აქ არის, ღონისძიებები ტარდება, რომ მოსახლეობას არაფერი დაემართოს. გარესამყაროს მოწყვეტილია 8 ოჯახი. დღესვე ჩამოვლენ გეოლოგები. მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება, თუმცა, ზოგმა გადაწყვიტა თავად წასულიყო“, – აცხადებს ჟორჟოლიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში, ადიდებული ღელეს გამო, მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც მოჰქონდა ტალახი. სოფელში შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადავიდა. ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5 – კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება. პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.