პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს უკეთესი მომავლის შესაქმნელად 1 ნოემბრამდე მეტი მონდომება გამოიჩინონ. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ რომ არ დაგვიანდეს, კითხვა – “რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა” – დღესვე უნდა დაისვას. ოქრუაშვილმა ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“1 ნოემბერს ამ კითხვის დასმა გვიანი რომ არ იყოს, მოდით დღესვე ვკითხოთ საკუთარ თავს: რა გავაკეთეთ ან საკმარისად ვიბრძოლეთ თუ არა იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა?
მე ნამდვილად საკმარისი გავაკეთე და საკმარისად ვიბრძოლე.
ცოტა სარკაზმითაც ვიტყვი. ამასწინათ ერთმა ადამიანმა ყველაზე აქტუალური კითხვა დამისვა – გვეშველება რამეო?
დაღლილი და გაბრაზებული ვიყავი, შესაბამისად ცოტა მკვახედ მომივიდა – არაფერი არ გვეშველებამეთქი. რატომო? დამიბრუნა კითხვა.
იმიტომ რომ ხალხს ცვლილების ეშინია და ესე ცხოვრებას არჩევსმეთქი, ისევ მკვახედ ვუპასუხე.
ცოტა თქვენც მოინდომეთ პოლიტიკოსებმაო, გაბრაზებულმა დამიბრუნა პასუხი.
მეტი რაღა მოვინდომო ხუთჯერ მოვხვდი ციხეში უკვე ამ ქვეყნისთვისმეთქი. ბოდიში მომიხადა და წავიდა.
“ყოველ დღესა ჩემ თავს ვკითხო აბა მე დღეს ვის რა ვარგე”…
1 ნოემბერს გვიანი რომ არ იყოს…” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
