ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზის მიერ ციხეში მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, ზოგჯერ არის რთული გარემო, როცა ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ არის, მაგრამ სასულიერო პირი აზიარებს.
,,მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არაზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო – განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა.
პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ – ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.