LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: „მარტო კეთილი საქმეები და მხოლოდ სწორი რწმენა არ კმარა – აუცილებელია ორივეს შერწყმა“

126
befunky-collage-2024-01-07_13-18-11_257881

მეუფე შიომ (მუჯირი) დღევანდელ ქადაგებაში მოწყალებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწყალება ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაყოფია და იგი ქრისტიანის ცხოვრებას უნდა საფუძვლად ედოს.

მეუფემ განაცხადა, რომ არც მარტო კეთილი საქმეები და არც მხოლოდ სწორი რწმენა არ კმარა – აუცილებელია ორივეს შერწყმა.

ქადაგების დასასრულს, მან მრევლს მოუწოდა, რომ მოემზადონ დიდი მარხვისთვის, იცხოვრონ მოწყალებით და აღასრულონ ღვთის სიტყვა, რათა მიაღწიონ მარადიულ ცხონებას.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, დღეს გვიკითხავს იგავს სახარებიდან საშინელი სამსჯავროს შესახებ. ეს სამსჯავრო იქნება საშინელი, ვინაიდან მსაჯული არის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენ მიერ ჩადენილი არცერთი საქმე, არცერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამსჯავროზე, ცხადი გახდება ანგელოზებისა და ადამიანების წინაშე. წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება, რა შიში და ძრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში! მაშინ ეტყვის უფალი მის მარჯვნივ მყოფებს: „მოდით, კურთხეულნო ჩემი მამისა, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან“ (მთ. 25,34). ასევე ეტყვის მათ, ვინც მისგან მარცხნივ არის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“ (მთ. 25,41). და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები – მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი, ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით. როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. ეს ბუნებრივი და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრებისა. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულისა, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არცერთი სათნოება ისე არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო, როდესაც ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჟამს და მწუხარების დროს. „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მთ. 9,13), – ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მთ. 5,7), – ამბობს უფალი მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს, ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ასე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამსჯავროზე და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ა.შ. ამას შესანიშნავ პასუხს სცემს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებსა და შენს ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს; და პირიქით, თუ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. ამიტომ აუცილებელია, ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს: „ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები მაგრამ, ვერაფერი უქნეს“ (მთ. 7, 24-25). ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველმხრივ გამართული იყოს?! სიტყვაც ვისმინოთ, შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ, ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? „ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე. ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა“ (მთ. 7,26-27). აი, რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ღვთის სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას. უფალი ამბობს: “ვინც… არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს” (ინ. 12, 47-48). ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოვემზადოთ და ვიფხიზლოთ. ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. თუ ასე მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g