“ეს პრესკონფერენცია არის იმისათვის, რომ არ დარჩეს ორაზროვნება, იყოს ღია ურთიერთობა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი იყოს გაცემული,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციაზე იმყოფება.
მისი თქმით, დღეს ის მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციის წარმართვაში დაეხმარება, ხოლო პრესკონფერენცია იმართება იმისთვის, რომ ყველა ეს ვაკუუმი არ დარჩეს, სადაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის საშუალება იქნება.
“მე ვთხოვე საპატრიარქოს და მეუფე შიოს კურთხევით, მეუფეს მხოლოდ პრესკონფერენციის წარმართვაში მივეხმარები, შეკითხვებს პასუხს არ გავცემ, მხოლოდ დამხმარეს ფუნქცია მექნება. ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ ყოფილიყო მშვიდი გარემო და აქ ყველას მოგცემოდათ საშუალება მშვიდად დაგესვათ შეკითხვები.
იცით, რომ რეგისტრაციის შემდეგ, ტელევიზიების აქ წარმოდგენა და მიღება მოხდა. ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთეთ, რომ ყველას გვახსოვს, რაც ამ ეპარქიაში მოხდა. ერთხელ წირვა იმის გამო ჩაიშალა, რომ ამ წირვაზე ჟურნალისტები მოუწესრიგებლად შევარდნენ, მეორედ იყო სამღვდელო შეკრების ჩაშლის მცდელობა და გვახსოვს მაშინ გადმონგრეული აივანიც. ამიტომ დაგვჭირდა ეს განსაკუთრებული სიფრთხილე დღევანდელი დღისთვის გამოგვეჩინა,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.