LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლე ჩემს ხანგრძლივ გასტროლებსაც მშვიდად ეგუება, რადგან იცის, რომ ცეკვა ჩემი პროფესიაა და სხვანაირად არ გამოვა” – „სუხიშვილების” მოცეკვავე ელენე ჩიტიაშვილი „არტ-FM“-ში

934
ელენე ჩიტიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს მოცეკვავე ელენე ჩიტიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებით და პირად ცხოვრებაზე მოუთხრო მსმენელს.

ზედმეტსახელი

მე და ჩემი და – სალომე ერთად ვცეკვავთ სუხიშვილების ანსამბლში. წლების წინ ერთმა მეგობარმა „ჩიტები“ შეგვარქვა და მას შემდეგ სწორედ ამ ზედმეტსახელით მოგვმართავს ყველა. მართალია, ბევრს მე და სალომე ტყუპები ვგონივართ, მაგრამ ჩვენს შორის ერთი წელია სხვაობა.

ახდენილი ოცნება

ცეკვა ადრეულ ასაკში დავიწყე. სუხიშვილების სტუდიაში დედამ მიმიყვანა, როცა 6 წლის ვიყავი, მოგვიანებით კი, ანსამბლს შევუერთდი დასთან ერთად და უკვე 15 წელია ვცეკვავთ. სადებიუტო გამოსვლა ანსამბლის შემადგენლობაში 15 წლის ასაკში შედგა, ხევსურული ცეკვა შევასრულე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რადგან პატარა გოგოსთვის მართლაც მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა.

ნებისმიერი დამწყები მოცეკვავე ნატრობს სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრას, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ძალიან გამიმართლა, როცა სტუდიაში სწავლისას შემამჩნიეს და ანსამბლში მიმიწვიეს.

გატაცება

პანდემიის დროს, როცა მთელ დღეებს სახლში ვატარებდი, ძალიან დამღალა უმოქმედობამ და ყველასთვის მოულოდნელად დავიწყე ხატვა. მართალია, განსაკუთრებული ნიჭი და უნარი არასდროს მქონია, მაგრამ ხატვის პროცესმა გამიტაცა და ახლაც სიამოვნებით ვხატავ.

პედაგოგის პროფესია

ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, ამიტომ სიამოვნებით ვმუშაობ მათთან. ორმაგად სასიამოვნოა, როცა ჯერ ასწავლი ცეკვას, მერე კი, გაწეული მუშაობის შედეგს ხედავს.

ოჯახი

ჩემი მეუღლე მსახიობი და თავისუფალი თეატრის დირექტორია. რამდენიმე სარეკლამო რგოლში მივიღეთ ერთად მონაწილეობა და ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინეთ. ორივეს ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, ამიტომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს და არასდროს გვაქვს ერთმანეთთან პრეტენზია. ჩემს ხანგრძლივ გასტროლებსაც მშვიდად ეგუება, რადგან იცის, რომ ცეკვა ჩემი პროფესიაა და სხვანაირად არ გამოვა.

ბევრად პრობლემური აღმოჩნდა ჩემი გასტროლები ერეკლესთვის, თუმცა მასაც მოუწია შეჩვევა. პირველად სამი თვის იყო, როცა დავტოვე, ძალიან განვიცადე, რადგან დიდი ხნით მომიწია გამგზავრება, თუმცა საბოლოოდ მაინც შევეგუეთ.

ერთი დღე

ჩემი დღე ძალიან ადრე იწყება ერთი ფინჯანი ყავით, ჯერ ერეკლე მიმყავს სკოლაში, მერე რეპეტიციაზე მივდივარ, ბოლოს კი, ბავშვებთან მაქვს გაკვეთილი. მართალია, სახლში ყოველთვის გვიან ვბრუნდები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მოვიცალო მეგობრებისთვის.

სუხიშვილების ანსამბლი

ჩვენი ანსამბლისთვის განსაკუთრებულ ადგილად იქცა თაკარას სცენა, რადგან უშუალო კონტაქტი გვაქვს მაყურებელთან და ცეკვებიც თეატრის სცენისგან განსხვავებულად სრულდება. რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა ილიკო სუხიშვილთან მუშაობა, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბედნიერი დღეებისთვის, რომლებიც ანსამბლში მქონდა.

სამომავლო გეგმები

მალე კვიპროსზე გავმართავთ კონცერტებს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო, დასამახსოვრებელი გამოსვლები გვექნება და მაყურებელიც ისიამოვნებს. სავარაუდოდ, თაკარას სეზონი ივლისში დაიწყება განახლებული და ძალიან განსხვავებული პროგრამით, ამიტომ ყველას წინასწარ ვპატიჟებ ჩვენს კონცერტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g