LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევახშეების თაღლითური სქემა – როგორ კარგავენ ბინებს მოქალაქეები

2558
gasaxleba

ათასობით ბინადაკარგული ადამიანი, ათასობით მოტყუებული და ქუჩაში დარჩენილი მოქალაქე – უკვე წლებია ჩვენ გვერდით ცხოვრობას ხალხი, ვინც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. დავიწყოთ იმით, რომ ალბათ, ბევრჯერ გვსმენია, როგორ გაუყიდა ბანკმა ბინა კლიენტს და როგორ გამოასახლეს ოჯახი ერთ დროს საკუთარი საცხოვრებლიდან, მაგრამ დღეს სხვა, კიდევ უფრო ღრმა პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. ბანკების შეთხვევაში საკითხი განსხვავებულია, რადგან საქმე გვაქვს საბანკო სექტორთან, უკვე დადებულ და ხელმოწერილ ხელშეკრულებებთან, რომლის დარღვევის დროს საფინანსო ინსტიტუტს აქვს უფლება ბინა აქუციონზე გაყიდოს.

დღეს კიდევ უფრო მძიმე საკითხს უნდა შევეხოთ – მევაშხეებისგან დაზარალებულ პირებს, რომელთა ზუსტი რაოდენობა, ცხადია, არ გვაქვს, რადგან საბანკო სექტორისგან განსხვავებით, სტატისტიკა არ არსებობს.

ჩვენ მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა ქეისები არსებობს, როგორ და რა სქემით ატყუებენ მევახშეები მოქალაქეებს და როგორ რჩებიან ისინი ბინის გარეშე.

გიგა წულეისკირი გვეუბნება, რომ პრობლემა სათავეს იღებს ხელშეკრულებიდან. როგორც აღმოჩნდა მევახშეები კერძო პირებთან აფორმებენ არა სასესხო, არამედ ნასყიდობა–გამოსყიდვის ხელშეკრულებას.

 

 

 

როგორ მუშაობს თაღლითური სქემა

 

მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქამდე ეროვნული ბანკის რეგულაციებით, ბანკების და მევახშეების შემთხვევაში პრობლემა ერთნაირად წყდებოდა, ანუ იპოთეკური სესხის აღების შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონება აღსრულების წესით სხვისდებოდა.

„აღსრულების წესი ნიშნავს, რომ ბინა აუქციონის წესით იყიდებოდა. მაშინაც კაბალური პირობები იყო, მაგრამ სასამართლო დავებით ვახერხებდით ხოლმე აღსრულების შეჩერებას. მეორე გამოსავალი იყო, რომ დისკომფორტს თუ შევუქმნიდით, მეორე მხარე მოლაპარაკებებზე მოდიოდა. მოგვიანებით, როცა სესხის გაცემის პირობები გამკაცრდა, ბანკებმა შეზღუდეს ეს პროცესი, ხალხმა მიმართა მევახშეებს. მათ აკრძალული აქვთ ფულის გასესხება, ამიტომ მიმართეს თაღლითობას და ადამიანებს სხვა ხელშეკრულების ფორმას სთავაზობენ“, – ამბობს გიგა წულეისკირი.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა.

 

 

 

როგორ კარგავენ მოქალაქეები საკუთარ ბინებს

 

როგორ მიდის პროცესი ბინის დაკარგვამდე – ყველაფერი იწყება თანხის გადაუხდელობით, თუმცა როგორც ირკვევა, რაც არ უნდა მოხდეს, მევახშეს ქონების წართმევის უფლება მაინც არ აქვს. როგორც მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, რომელიც როგორც ვიცით, ქონებას აუქციონის წესით ჰყიდის.

„როცა ვსაუბრობთ ხელშეკრულებაზე – ნასყიდობა–გამოსყიდვის ფორმაზე, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. ეს უკვე არასწორია და დასჯადი ქმედებაა. ზეპირსიტყვიერად, მევახშე კლიენტს ეუბნება, რომ თუ თანხას ვერ გადაიხდი, მერე გავყიდით ქონებას, მე ავიღებ ნაწილს რაც მეკუთვნის, დანარჩენი შენი იქნება. სინამდვილეში ასე არ ხდება. ამიტომ უნდა გამოვაცოცხლოთ პოლიცია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოში არსებობს კანონი, თაღლითობა არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული“, – ამბობს წულეისკირი.

„ფორტუნას“ კითხვაზე, თუ ხელშეკრულებაში არც სესხია ნახსენები და არც ის პირობები წერია, რასაც ზეპირსიტყვიერად ეუბნება მევახშე, მაშინ ხელს რატომ აწერს მას მოქალაქე, გიგა წულეისკირმა გვითხრა, რომ ეს კიდევ ერთი პრობლემაა.

„ეს სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა. ეუბნებიან, რომ ასეთი ხელშეკრულება უნდა იყოს, სხვანაირად თანხის გასესხება გვეკრძალება და ხალხიც თანხმდება“.

 

 

გამოსავალი

 

რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი – როგორც მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ერთადერთი გზაა – სისხლის სამართლებრივი გზით წავიდეს გამოძიება.

„თაღლითი უნდა დაისაჯოს, დაუსჯელობის პრაქტიკაა ქვეყანაში. უმეტესობა მევახშე ამას ვერ ბედავს. ეუბნებიან, რომ გავყიდოთ და თანხას აძლევენ, მაგრამ სამწუხაროდ არის ისეთი მძიმე შემთხვევები, რაზეც ვისაუბრეთ. ძალიან გავაქტიურდით განსაკუთრებით ბოლო პერიოდია და უკვე, ყოველდღე გვაქვს გამოხმაურებები, ხალხი ასეთ შემთხვევებზე ლამის ყოველდღიურად გვწერს“.

რაც შეეხება იურისტების ჩართულობას, როგორც გავარკვიეთ, ცხადია, მოქალაქეებს შეუძლიათ, უფასო იურიდიული მომსახურების ორგანიზაციებს მიმართონ კონსულტაციებისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თავად დაზარალებულების მხრიდან აქტიურობა არც ისე დიდია. იურისტებმა ისიც გვითხრეს, რომ ხშირად მოქალაქეებს ატყუებენ, აჩვენებენ ფურცელს, სადაც ვითომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა და სინამდვილეში ასე არ არის. ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობს იურისტი მარიკა არევაძე, რომელსაც აღნიშნულ პრობლემაზე არაერთხელ უსაუბრია. ის ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი საკითხია დრო. როგორც იურისტი ამბობს, ერთი გადაცდომის შემთხვევაშიც კი ვალდებულებები დარღვეულად ითვლება. მისი თქმით, ადამიანს გარკვეული ვადა აუცილებლად უნდა მისცენ დავალიანების დასაფარად, თუმცა მისი განმარტებით, როგორც წესი, მევახშეები მსესხებლებს დროს არ აძლევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g