LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტი „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“

192
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) გოგონებისა და ქალების გაძლიერებას აგრძელებს და 2024 წლიდან ახორციელებს პროექტის „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ მორიგ ფაზას, რომლის მიზანი აგრობიზნესსა და აგროტურიზმში ჩართული ქალების გაძლიერებაა. „მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

თამთა მამულაიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– წლებია, რაც ქალების მხარდაჭერა საქართველოს ფერმერთა ასოციაციისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად 2018 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად ეს პროექტი ტექნიკურ გაძლიერებასთან ერთად საგრანტო კომპონენტსაც მოიცავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც თვალნათლივ დავინახეთ, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდებოდათ ქალებს მხარდაჭერა, 2023 წლის ბოლოდან მოდიფიცირებულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ტრენინგებს გაივლიან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: მარკეტინგი და ბრენდინგი, ელექტრონული კომერცია და ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების ტექნიკები და სხვა. გვახარებს ის ფაქტი, რომ იმ მენტორებს შორის, რომლებიც საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ და ვინც პროექტის მონაწილე 75 ქალს დაეხმარება, ჩვენი წინა პროექტების ბენეფიციარებიც არიან. მათ ჩვენ მიერ შემუშავებული მენტორების გადასამზადებელი პროგრამა გაიარეს. გვიხარია, რომ ჯაჭვი არ წყდება და ქალები ქალებს აძლიერებენ, ეს ყველაზე დიდი ძალაა.

მარიამ მებადური, პროექტის კოორდინატორი:

– პროექტის პირველი ეტაპი – განაცხადების მიღება, დაახლოებით, 2 თვის წინ დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის წლევანდელი ფაზა გრანტის კომპონენტს არ მოიცავს და ის მხოლოდ ტრენინგებზეა ორიენტირებული, ახალი ფაზის გამოცხადებისთანავე მთელი საქართველოდან 400-მდე მსურველმა მოგვმართა. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვქონია, თუმცა წელს უფრო მეტად ახალგაზრდებმა იაქტიურეს. მონაწილეების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით დავიწყეთ. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სამოტივაციო წერილი იყო. განსაკუთრებით ემოციური საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალებისგან მიღებული წერილები აღმოჩნდა. პროექტს სექტემბრიდან დავიწყებთ და მონაწილეებს მენტორები ტრენინგებს ერთი წლის მანძილზე ჩაუტარებენ. შეხვედრები იქნება როგორც პირისპირ, ისე დისტანციურად და ჰიბრიდული.

-თამთა, რა ბედი ეწიათ იმ ქალებს, რომლებიც წლების განმავლობაში გადამზადდნენ თქვენი პროექტების მეშვეობით?

– შეძლებისდაგვარად არ შეგვიწყვეტია მათთან კომუნიკაცია. წლევანდელი პროექტის ახალი ფაზაც ამის დასტურია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ეს ქალები საკუთარი პროექტებით საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ ან გააფართოვეს საკუთარი აგრობიზნესი, აგროტურისტული ობიექტი. მოხარულები ვართ, რომ ფრთა შევასხით მათ იდეებს, ხელი შევუწყვეთ განვითარებაში (ვასწავლეთ ბიზნესპროექტის წერა, მათთვის საჭირო ინფორმაციისა და გაყიდვის არხის მოძიება, საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის სწორად განთავსება და ა.შ.), მაგრამ განსაკუთრებულად გვეამაყება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები საკუთარ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში თავადვე ეხმარებიან სხვა ქალებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. რეგიონებში ქალებს განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ მიმაჩნია მიზანშეწონილად გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც გვაქვს არჩეული ევროპისკენ, განვითარებული დასავლეთისკენ, ის იმ სიკეთეებს გვაძლევს, რასაც შემდეგ თითოეული ამ ქალის მოტივაციაში ვხედავთ და მათ სულისკვეთებაში, დაეხმარონ სხვებსაც.

– პირადად თქვენს გუნდს რა შესძინა ამ ქალებთან ურთიერთობამ?

– ძალიან გავიზარდეთ. კიდევ ერთ პროექტს ვახსენებ ამ თვალსაზრისით – ეს იყო „გოგონების გაძლიერება“, რომელიც კანადის მთავრობის დაფინანსებით კახეთის რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ. ჩვენმა გუნდმა, გაძლიერების თვალსაზრისით, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ნახტომი განიცადა, როდესაც უფროსკლასელ გოგონებთან სატრენინგო სესიები ჩავატარეთ მოტივაციის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კარიერული დაგეგმვის, მეწარმეობის დაწყების, ძალადობის შემჩნევის ტექნიკების და სხვა საყურადღებო თემების შესახებ. იქ მიხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან. გარდა ამისა, როცა ხედავ, რომ მათთვის ხარ იმედი, ადამიანური თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს. დიდი პატივია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ვემსახურებით საქმეს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის წინსვლისთვის ჩვენს წილ აგურს ვდებთ.