LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელ ქვეყნებში ექსტრადიციის ტენდენცია ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და პოლიტიკურად მიუღებელი პრაქტიკაა: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

70
Untitled design (6)

“მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის ტენდენცია ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო და პოლიტიკურად მიუღებელი პრაქტიკაა,” – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში და ასახელებენ ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა სახელწიფოს ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობას აჩვენებდა და აჩენდა ეჭვს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არაფორმალური უკანონო თანამშრომლობის თაობაზე.

ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017-2020 წლებში ცნობილი გახდა არაერთი საქმის შესახებ, რომელიც საქართველოში მყოფი რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის დაუსაბუთებელ, უკანონო პრაქტიკას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსტრადირების მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეეხებოდა.

სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც შესაბამისი პირები, საკუთარ ქვეყნებში დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების მაღალ რისკზე უთითებდნენ:

“აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევის, რამზან ახიადოვის საქმეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებზე მიუთითებდნენ. აღსანიშნავია მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე, რა დროსაც ფეტულაჰ გიულენის მიმდევარი მ. ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია მხოლოდ ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდგომ შეჩერდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2018 წელს შეისწავლა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და დევნას დაქვემდებარებული არაერთი აქტივისტის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის საქმე და მიუთითა მათ მიმართ საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის პროცესში გამოვლენილი უკანონო პრაქტიკის შესახებ.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობითვე, პოლიტიკური ლოიალობისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის რისკების არასათანადო შეფასების ტენდენციები საქართველოში მყოფი პირების თურქეთში და რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევებშიც იკვეთება:

” ექსტრადიციის საქმეებთან დაკავშირებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მიერ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადირების მოთხოვნა უმეტესად კმაყოფილდება იმგვარად, რომ პროცესში არ არის გათვალისწინებული მითითებულ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების, მით უფრო საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის პრაქტიკა.” – წერია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ:

➤ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას ამ ქვეყნებში პირების ექსტრადიცია და ამ კუთხით ბოლო წლებში შექმნილი ლოიალური პოლიტიკა ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების და დემოკრატიული პრინციპების განუხრელი პატივისცემის ქვეშ მოაქციოს;

➤ შექმნილ მანკიერ და არაჰუმანურ პრაქტიკას ადამიანის უფლებების მიღმა აქვს პოლიტიკური განზომილება და ის აზიანებს რეგიონში საქართველოს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს აღქმას არა მხოლოდ დისიდენტებსა და იმ პირებს შორის, ვისაც მათ ქვეყნებში დევნის გამოცდილება აქვთ, არამედ გლობალურადაც;

➤  რუსეთში, რომელიც საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ განგრძობადად არღვევს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა მოთხოვნებს, ასევე, ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემურ დარღვევებზე არა ერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტი უთითებს, ადამიანების ექსტრადიციისთვის გაწირვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ დეკლარირებულ პოლიტიკურ იდეალებთან და ამ საკითხზე შექმნილ საზოგადოებრივ კონსენსუსთან.

magti 5g