მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ამირან დარჯანია სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი თამარ გაგუა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო კითხვებზე მინიმალურად პასუხობს.
„გუშინ შევხდი მას. როგორც კი დააკავეს, მალევე დაენიშნა ადვოკატი, რადგან ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. გუშინ იყო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე ვნახე, მქონდა კომუნიკაცია. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს არ საუბრობს. კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად საუბრობს. რაც შეეხება გარემოებას, ის უარყოფს და საერთოდ გამორიცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდარი. ერთადერთი ის თქვა, რომ არ არის მკვდარიო. იმას, რომ იცნობდა ამ გოგოს, მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ ამას არ უარყოფს. იმას რომ იცნობდა, არ უარყოფს, მაგრამ უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ჩაკითხვებს გაურბის, არ საუბრობს და ჩუმად ზის. მას რეალურად აქვს ფსიქიკური პრობლემები“,- განაცხადა ადვოკატმა.
