LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”: აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიან

19969
1 ოჩამჩირე

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე ადგილობრივი მედია დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ე.წ. ოფიციალური სამთავრობო წარმომადგენლობა სიტუაციას სერიოზულად არ აღიქვამდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიიღო დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ამ დროისათვის რეგიონში ჩაკეტილია ე.წ. საზღვრები, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გალის რაიონში კომენდანტის საათია ამოქმედებული. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სოციალურ გვერდზე წერდა, რომ იქაური ხელისუფლება ვითარებას შესაბამისად ვერ აფასებდა და ვირუსის შესაძლო გამავრცელებლად რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ასახელებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სხვა სტატისტიკაზე საუბრობს ადგილობრივთა ნაწილი.

“ომის შემდეგ დანგრეული საავადმყოფოების არც აღდგენა მომხდარა და არც ახალი აუშენებიათ. ძველი თაობის ექიმები უკვე თითქმის აღარ დარჩნენ. ახალი თაობიდან, ვისაც საშუალება ჰქონდა სამედიცინო განათლება მიეღოთ, რუსეთში წავიდნენ, მაგრამ უმრავლესობა აფხაზეთში არ დაბრუნებულა. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გვქონია ამ დროის განმავლობაში, ყველა საქართველოში გადავდიოდით. მკურნალობა უფრო იაფია და ზოგ შემთხვევაში უფასოც. ახლაც იგივე მოხდება. ყველა მიაწყდება ზუგდიდს. ოჩამჩირის და გალის რაიონის მოსახლეობა ზუგდიდში გადავა. ჩემი ნათესავებიც ცხოვრობენ სენაკში, დამირეკეს და შემომთავაზეს წასვლა. ალბათ წავალ, მაგრამ ჯერ დაველოდები სიტუაციას” – მარინა გ. აფხაზი პედაგოგი.

ზუგდიდის ინფექციურმა აფხაზეთიდან პირველი პაციენტი მიიღო – ქალს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

რეგიონში არასათანადო სამედიცინო მომსახურეობაზე საუბრობს ოჩამჩირის ბროლის საწარმოს ყოფილი თანამშრომელი. ემზარ კ. წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლო რიცხვებში რეგიონში არაერთი შემთხვევა იცის, როდესაც ექიმები უცხო დაავადებას გრიპის ვირუსის ახალ ფორმად მიიჩნევდნენ და პაციენტი იზოლაციაში ჰყავდათ. მისი განმარტებით, ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას კორონავირუსზე მალავს და, ამ დროის მდგომარეობით, არსებული სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს ვერ იტევენ.

“ჯერ გვითხრეს, რომ ვისაც გრიპის ნიშნები გვქონდა, სახლში უნდა დავრჩენილიყავით. მერე გამოაცხადეს, რომ სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის მიგვემართა. მივედით და გვითხრეს, ადგილები არ გვაქვსო. ვიცი, ნანახი მაქვს საავადმყოფო შიგნიდან, არც პალატებია, არც შესამაბისი ინვენტარი, მხოლოდ გარედან შეღებეს, შიგნით ისევ ისეთივე დანგრეულია. მქონდა შემთხვევა, როდესაც სახსარზე ოპერაცია დამჭირდა, აქ შესაბამისი ქირურგი არ გვყავდა და თბილისში წავედი. ოპერაცია და მკურნალობა უფასოდ ჩამიტარდა. ომის დროს არ ვიბრძოდი არც ერთ მხარეს, ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ მიწყობდა, ამიტომ არ მერჩიან აფხაზები. საქართველოშიც ჩვეულებრივად გადავდივარ. ახლაც ვაპირებ, რომ გადავიდე და დროებით რომელიმე ნათესავთან ვიცხოვრო. აქ საშიშია” – ემზარ კ.

“მოსკოვში კეთილდღეობას კი არა, ვირუსს გამოექცნენ და ამაში საგმირო არაფერია” – აფხაზი სტუდენტი

“მეზობლები ვართ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ გვაქვს საავადმყოფო. არის კლინიკები და კარგი ექიმებიც არიან, მაგრამ შემთხვევები თუ გაიზარდა, ჩემი აზრით, არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჩვენც საქართველოში გადავალთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვეომებით. ჩვენგან მიაქვთ ბევრი პროდუქტი, ჩვენც მოგვაქვს ზუგდიდიდან რაღაცეები. შვილიშვილებს ზუგდიდში წავიყვან ნათესავებთან” – ირმა მ. გალის მკვიდრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g