LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მფრინავი პარკები – რა ზიანს აყენებს პოლიეთილენი ადამიანს: გადასახადი, აკრძალვა, ცნობიერების ამაღლება – რა შველის პრობლემას

107
image_processing20201212-1514-1kv4xud

ალბათ, ყველას გვინახავს ქალაქში თუ სოფლად, ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილი და ჰაერში „მფრინავი” პოლიეთილენის პარკები. ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება. პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები დიდი პრობლემაა გარემოსთვის, რადგან თავის ქიმიური შემადგენლობის გამო, პლასტიკის პარკი ბუნებაში ასწლეულების განმავლობაში რჩება. ის არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. დაშლის დროს კი, ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს ნიადაგს, მიწისქვეშა წყლებს, აღწევს საკვებ ჯაჭვში და რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. ქარის მიერ ტოქსინები ადვილად გადაიტანება მდინარეში, ზღვაში, ტბაში, ტყეში.

პოლიეთილენის პარკები ადამიანების ჯანმრთელობასაც აზიანებს. მისგან ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს. პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, რადგან წვის პროცესში გამოყოფილი მავნე ტოქსინები აბინძურებს ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც კლიმატის გლობალურ ცვლილებაზეც აისახება. სტასტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა პოლიეთილენის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ნინო ადამაშვილის აზრით, პლასტიკის პარკები ნამდვილად აწუხებს, გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში „მფრინავი პარკები“ ცუდი სანახავია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ის საშიშია მოზარდების ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ბუნებისთვის,

„პლასტიკის პარკები წლების განმავლობაში რჩება და ფაქტობრივად, არც იშლება მიწაში და ეს ყოველმხრივ საშინელი რამ არის. ძალიან გაგვეხარდება, თუ სახელმწიფო და ბიზნესი რეალურად იმოქმედებს და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რათა მომავალი თაობა დავიცვათ უამრავი დაავადებისგან და გავუფრთხილდეთ გარემოს,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ნინო ადამაშვილი.

ქეთი გომართელი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ინფორმაციის დეფიციტზე ამახვილებს.
„ჩვენ ნაკლებად გვაქვს კულტურა პოლიეთილენის პარკების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია, აზიანებს გარემოსაც. კარგია თუ პირველ რიგში ჩვენსავე ჩვევებს განვავითარებთ და ასევე, კარგია კომპანიები თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ ფიქრს. ფაქტია, რომ საჭიროა გარკვეული კამპანიებიც ჩატარდეს ამ მიმართულებით. როგორც ვიცი, ძალიან დიდი დრო სჭირდება ბუნებას ამის გადასამუშავებლად, რამდენიმე ათეული წელი და თუ ამას გავუფრთხილდებით და ასევე სწორად მოვიხმართ, სწორ ურნას მივუჩენთ კარგი იქნება,“ – ამბობს ქეთი გომართელი.

ინფორმაციისთვის: 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. 2019 წლის 1 აპრილს ეს რეგულაცია უკვე ყველა ტიპის პარკებზე გავრცელდა. კანონის დამრღევი პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმებიც; არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის წარმოებისთვის, გამოყენებისთვის ან ქვეყანაში შემოტანისთვის 1 ოქტომბრიდან პირველ ჯერზე – 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარი. რაც შეეხება მაკონტროლებლებს, ეს ფუნქციები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული. კერძოდ, პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს; პარკების იმპორტიორებისთვის ფინანსთა სამინისტროს უნდა მიეხედა, ხოლო პარკების რეალიზატორებთან ბრძოლა ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივა უნდა ყოფილიყო.

ასევე აკრძალული ოქსო-ბიოდეგრადირებადი პარკები, ეს იგივე პლასტიკის პარკებია, მაგრამ უფრო მცირე ნაწილებად იშლება და კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ბიოდეგრადირებადობის ახალი სტანდარტით, რაც ევროკავშირის შესაბამის სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია და თუ ბიოდეგრადირებადი პარკი ამ სერთიფიკატის და სტანდარტის შესაბამისი არ იქნება, მისი იმპორტი და რეალიზაცია ქვეყანაში ვერ ხორციელდება.

რეგულაციები 2023 წელსაც გაფართოვდა.

რეგლამენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ბიზნესი ჩართული, როგორც პლასტიკის იმპორტიორები, ასევე პოლიეთილენის ადგილობრივი მწარმოებლები, დიდი სუპერმარკეტების ქსელებთანაც შედგა არაერთი შეხვედრა.

რამდენი იმპორტი განხორციელდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით?
2019
$4 189 390-ის ღირებულების 1 950.28 ტონა

2020
$3 463 430-ის ღირებულების 1 732.54 ტონა

2021
$4 534 390-ის ღირებულების 2 074.42 ტონა

2022
$5 465 560-ის ღირებულების 2 549.22 ტონა

2023
$6 163 060-ის ღირებულების 3 045.82 ტონა
მთავარი იმპორტიორი ქვეყნები: ირანი და თურქეთი.

ბოლო მონაცემებით, TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:
ირანი – $809 110-ის ღირებულების 424.64 ტონა
ინდოეთი – $88 220-ის ღირებულების 56.81 ტონა
აზერბაიჯანი – $143 200-ის ღირებულების 49.66 ტონა

პოლიეთილენის პარკების რეალიზაციისთვის თბილისის მერიამ გასულ, 2024 წელს მხოლოდ 10 ჯარიმა გამოწერა. მუნიციპალური ინსპექცია პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს,
2022 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაწერილია – 40 ჯარიმა, 2023 წელს – 48 ჯარიმა, 2024 წელს კი, მხოლოდ 10 ჯარიმა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევის ფაქტები, ქსელურ, კაპიტალურ, საშუალო, მცირე და დიდ მარკეტებსა და მაღაზიებში, – აღნიშნა მერიამ.

დაბეგვრა თუ აკრძალვა?

საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შედეგები კონტექსტის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, გადასახადების სისტემა დანიასა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში წარმატებით დაინერგა. დანია ამ სფეროში პიონერი ქვეყანაა, რომელმაც პოლიეთილენის პარკებზე გადასახადი პირველმა 1994 წელს შემოიღო. გადასახადების დაწესების შემდეგ პოლიეთილენის პარკების რაოდენობა განახევრდა (წლიური 800 მილიონიდან 400 მილიონამდე).
ვაშინგტონში პოლიეთილენის პარკებზე გადასახადი მხოლოდ 2009 წელს დაწესდა, თუმცა ახალ პოლიტიკას შედეგი სწრაფადვე მოჰყვა, გადასახადის შემოღების შემდეგ ყოველთვიური მოხმარება 85%-ით, 22.5 მილიონიდან 3.3 მილიონ პარკამდე შემცირდა.

მეორე მხრივ, ბანგლადეშსა და ჩინეთში უპირატესობა აკრძალვის სტრატეგიას მიენიჭა. ბანგლადეში პიონერი ქვეყანაა პოლიეთილენის პარკების აკრძალვაში. იქ პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ 2002 წელს აიკრძალა. თუმცა აკრძალვის სტრატეგია ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც ისინი ელოდნენ, ვინაიდან კანონის აღსრულების მექანიზმები საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.
ამ მიდგომამ ჩინეთში გაცილებით უკეთეს შედეგს მიაღწია. ჩინეთმა ერთჯერად პარკებზე აკრძალვა 2008 წელს შემოიღო. აკრძალვის შემდეგ პოლიეთილენის პარკების მოხმარება 66%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინურ კომპანიებს საკმაოდ დიდი ჯარიმის (10 000 ჩინური იუანი, რაც დაახლოებით 1600 დოლარია) გადახდა უწევდათ პოლიეთილენის პარკების არალეგალური წარმოებისა და დისტრიბუციისათვის.

როგორც ჩანს, როგორც აკრძალვის, ისე გადასახადების დაწესების მიდგომა წარმატებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც აღსრულებისა და მონიტორინგის სისტემები სათანადოდაა გამართული.

პარკები და ევროპა

2020 წლიდან საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ყველა სახის პლასტმასის პროდუქტის გამოყენებას. მსგავსი სიტუაციაა დიდ ბრიტანეთში. ლატვიასა და დანიაში უფასო პლასტიკური პარკებია ხელმისაწვდომი, მაგრამ გადასახადის გადახდა მოგიწევთ.

მოგზაურობისას აუცილებლად შეამოწმეთ თქვენს ჩემოდანში პლასტიკური პარკები და სხვა პლასტმასის ნივთები. ასეთი პარკები აკრძალულია იმ ქვეყნებში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს გარემოსდაცვით მდგრადობას და დამრღვევებს მნიშვნელოვანი ჯარიმები ემუქრებათ.

ფრთხილად იყავით, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში პარკები აკრძალულია.

ევროპის ქვეყნებში ბევრი პარკი აკრძალულია. იტალიური მაღაზიები ბიოდეგრადირებად შეფუთვას ან სხვა ალტერნატივებს გვთავაზობენ, ბელგიაში კი პოლიეთილენის პროდუქტების გამოყენებაზე სრული აკრძალვაა.

პარკები აკრძალულია ირლანდიაში, სადაც გამოყენების მაჩვენებელი 94%-ით შემცირდა. ირლანდიელებმა შესანიშნავი გამოსავალი იპოვეს და აქტიურად იყენებენ ჩვეულებრივ ქსოვილის ჩანთებს ან ძაფიან პარკებს.

გერმანულ მაღაზიებში შეიძლება პლასტიკური პარკები იყიდებოდეს, მაგრამ მათზე გადამუშავების დიდი გადასახადია დაწესებული.

ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული თხელი პლასტიკური პარკების რაოდენობა ბოლო დრომდე გასაოცარი იყო: 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი წელიწადში 30 მილიარდს შეადგენდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღეს ევროპა 2018 წელთან შედარებით მესამედით ნაკლებ პარკს იყენებს. ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ევროპელებს ჯერ კიდევ აქვთ გაუმჯობესების პოტენციალი. ლიეტუვა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ პარკს იყენებს (წელიწადში 249 პარკი ერთ სულ მოსახლეზე), შემდეგ მოდის ლატვია (193) და ჩეხეთი (185).

ბელგიას აქვს ყველაზე დაბალი მოხმარების მაჩვენებელი – წელიწადში მხოლოდ 4 პარკი ერთ სულ მოსახლეზე – ხოლო პოლონეთსა და პორტუგალიას ოდნავ მაღალი მოხმარების მაჩვენებლები აქვთ: შესაბამისად, 7 და 13 პარკი.

ვინ კრძალავს?

გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად რვა მილიონ ტონამდე პლასტმასი ხვდება მსოფლიო ოკეანეებში, რაც იწვევს ზღვის ორგანიზმების სიკვდილს. ამ პროცესის შესაჩერებლად, მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყანა კანონიერად კრძალავს ერთჯერადი პარკების გამოყენებას და მოგზაურებმა ამის შესახებ უნდა იცოდნენ. უკვე მრავალი შემთხვევაა, როდესაც ტანსაცმლის გადასატანად გამოყენებული უმარტივესი ჩანთაც კი მნიშვნელოვანი ჯარიმები დაისაჯა.

ავსტრალია, კენია, სამხრეთ აფრიკა და ტაივანი ის ქვეყნებია, რომლებსაც განსაკუთრებით მკაცრი კანონები აქვთ პლასტმასის წინააღმდეგ. მაგალითად, კენია სრულად კრძალავს პლასტიკური პარკების იმპორტს, წარმოებას და გამოყენებას. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩასულ ტურისტებზეც. ისინი, ვინც ამ მოთხოვნას უგულებელყოფენ, მზად უნდა იყვნენ გადაიხადონ 19 000-დან 39 000 დოლარამდე ჯარიმა და პლუს… ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა! მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოდ მკაცრია, გაერომაც მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც კენიის პოლიციას უფლებამოსილებას აძლევს, დააკავოს ნებისმიერი პირი, რომელსაც პლასტმასის შეფუთვა აღმოაჩნდება.

ფოტო: minotdailynews
parsethylene-kish
lens.monash
standard.co.uk

magti 5g