LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MGI – ციფრული ტექნოლოგია, რომლითაც საქართველოში ეტიკეტების ბეჭდვის ახალი ერა იწყება

265
00

ცოტა ხნის წინ „AdWise ჯგუფმა“, „Konica Minolta“-სთან თანამშრომლობით, საკუთარ სტამბაში ეტიკეტების დასაბეჭდად სრულიად ახალი სივრცე გახსნა, სადაც ინტეგრირებული MGI ტექნოლოგია, რომელსაც ამჟამად კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს, ქართულ, თუ რეგიონულ ბაზარზე მოქმედ მწარმოებლებს პროდუქტის განსხვავებულად შეფუთვის შესაძლებლობას ანიჭებს.

რევაზ ჯამაგიძე, „Konica Minolta საქართველოს“ რეგიონალური დირექტორი

– „Konica Minolta“ 150 წლის წინ შექმნილი იაპონური ბრენდია, რომელმაც არსებობის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა მიმართულება, თუმცა ყველაფრის განსხვავებულად კეთების პრინციპმა მას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საკუთარი, მყარი ადგილი მოაპოვებინა. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი როგორც ოფისებით, ისე დისტრიბუტორებით, დასაქმებული ჰყავს 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურება 2 მილიონზე მეტ პარტნიორს. რაც შეეხება „Konica Minolta“-ს მოგზაურობას საქართველოში, ბრენდმა 2019 წელს გადაწყვიტა, რომ კავკასიის ბაზარზე პირდაპირი ოფისი გაეხსნა. ამისთვის შეირჩა საქართველო, თბილისი და დღევანდელი მოცემულობით „Konica Minolta“ ოპერირებს როგორც საქართველოს ბაზრისთვის, ისე სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის.

ბექა ბუბუტეიშვილი, „AdWise ჯგუფის“ თანადამფუძნებელი:

– ჩვენი კომპანიის ამბავი 2008 წელს ერთი პაწაწინა ოთახიდან იწყება. მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ბექა ზაქაიძემ გადავწყვიტეთ, რომ სარეკლამო სააგენტო ჩამოგვეყალიბებინა. თავდაპირველად ძალიან პატარა კომპანია იყო, ცხადია, თუმცა ორიენტირება ავიღეთ სწრაფ და ხარისხიან მომსახურებაზე. ბაზრის მოცემულობიდან გამომდინარე, მალევე დავინახეთ შესაძლებლობა ბეჭდვის ბიზნესში დაგვეკავებინა ჩვენი ნიშა. ამის შემდეგ უფრო კარგად გაგვიცნო ხალხმა, კომპანიამაც სწრაფად დაიწყო ზრდა. 2014 წელს ახალი ტექნოლოგიები დავნერგეთ, რომლის წყალობითაც ჩვენი ნიშა კიდევ უფრო გავაფართოვეთ და დღეს ჩვენს მომხმარებელს ბეჭდური მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ, კერძოდ, ნებისმიერი სახის მარკეტინგულ ბეჭდურ მომსახურებას, შეფუთვებს და ა.შ. 2021 წელს, კიდევ უფრო ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით, „Konica Minolta“-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რომელიც შემდეგ მჭიდრო პარტნიორობაში გადაიზარდა. სწორედ აღნიშნული კომპანიის ბიძგით შევუდექით ეტიკეტების წარმოებას MGI ტექნოლოგიის გამოყენებით.

– რევაზ, იმისთვის, რომ რაღაც სიახლე შესთავაზო საზოგადოებას, ბაზარს, სწორი პარტნიორული ურთიერთობებია საჭირო, შესაბამისად, მოდით ახლა სწორედ „Konica Minolta“-ს რაკურსიდან ვისაუბროთ „AdWise ჯგუფთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

– როდესაც 2019 წელს „Konica Minolta“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, ისეთი კომპანიის, ორგანიზაციის ძიება დავიწყეთ, რომელიც ხედვებში გამოგვყვებოდა. როგორც უკვე აღვნიშნე, „Konica Minolta“ რევოლუციური ბრენდია და ზუსტად ასეთი სულისკვეთება დავინახეთ „AdWise ჯგუფთან“ ხშირი კომუნიკაციით და მის საქმიანობაზე დაკვირვებით. შესაბამისად, სწორედ „AdWise ჯგუფს“ შევთავაზეთ MGI ტექნოლოგიის გამოყენება. პირველი პროექტი 2021 წელს განვახორციელეთ, მიმდინარე წელს კი მეორეს შევუდექით „ტერა ლიზინგისა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.

– ბექა, განვმარტოთ რას ნიშნავს MGI ტექნოლოგია, რა ქმნის მის განსაკუთრებულობას?

– MGI ტექნოლოგია ბეჭდურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც მომხმარებელს ბეჭდური პროდუქციის განსაკუთრებულ და უმაღლესი ხარისხის დამუშავებას სთავაზობს (შერჩევითი ლაქირება, მოოქროება, სხვადასხვა ფერის ფოლგის დადება და ა.შ.). ეს სრულად ციფრული ტექნოლოგიაა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობით (ერთი ცალიდან განუსაზღვრელი რაოდენობის ჩათვლით) შევთავაზოთ ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც აქამდე საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყო. იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს რაოდენობრივი შეზღუდვა, ამ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას (როგორც დიდს, ისე მცირესა და საშუალოს).

– რევაზ, რა შესაძლებლობას ანიჭებს ეს ტექნოლოგია ქართულ, თუ რეგიონულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს და კონკრეტულად რომელი სეგმენტისთვის შეიძლება იყოს ის უფრო საინტერესო?

– შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ტექნოლოგიის შემოტანით საქართველოს ბაზარზე, ფაქტობრივად, ჩვენ და „AdWise ჯგუფმა“ სრულიად ახალი სტანდარტები დავაწესეთ და ახალ საფეხურზე ავიყვანეთ ციფრული ბეჭდვა. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ეს ტექნოლოგია და ის ორი დანადგარი, რომელიც „AdWise ჯგუფის“ სტამბაში ინტეგრირდა, მსოფლიოს მასშტაბით სულ 5 ქვეყანაშია და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, რაც, ერთი მხრივ, ძალიან საამაყო ფაქტია, მეორე მხრივ კი, ბევრ უპირატესობას იძლევა როგორც კონკრეტულად „AdWise ჯგუფისთვის“, კონკურენტებთან შედარებით უფრო თანამედროვე ტექნოლოგია რომ შესთავაზონ მომხმარებელს, ასევე თავად მწარმოებლებისთვის. ამ ტექნოლოგიით, ძირითადად, ისარგებლებენ მეღვინეები, რათა საკუთარი ეტიკეტები განსხვავებულად წარმოაჩინონ და უპირატესობა მოიპოვონ ბაზარზე, ასევე კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიები და ა.შ.

– ბექა, ბაზარზე პოზიციონირების კუთხით რას ცვლის ეს ტექნოლოგია „AdWise ჯგუფისთვის“?

– MGI ტექნოლოგია კონკრეტულად ეტიკეტირებისთვის გამოიყენება, ეტიკეტების ბეჭდვა კი ჩვენთვის ახალი სფეროა, აქამდე ამ მიმართულებით არ ვიყავით ცნობილები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენთვისაც და ბაზრისთვისაც ახალია, ის განვითარების ახალ საფეხურზე აგვიყვანს. მისი მეშვეობით ბაზარს ვთავაზობთ უნიკალურ პროდუქციას არა მხოლოდ ხარისხობრივი თვალსაზრისით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია წარმოების დროც, რაც ჩვენს მომხმარებელს აძლევს შანსს, ბაზარზე საკუთარი პროდუქცია გაცილებით სწრაფად შეიტანოს, გარდა ამისა, არ შეიზღუდოს თავი დიზაინის მრავალფეროვნებაში, დიზაინის სწრაფ ცვლილებაში. აქვე ვახსენებ კიდევ ერთ ტექნიკურ მახასიათებელს, აქამდე მსგავსი ეტიკეტები სპეციალურ მოწყობილობებსა და კლიშეებს საჭიროებდა, ციფრული ტექნოლოგიის წყალობით კი ისინი უკვე აღარაა საჭირო, რაც გვაძლევს საშუალებას, ყველა ეტიკეტი იყოს გამორჩეული, თუმცა ამ შემთხვევაში ხარისხზე კომპრომისს არ ვაკეთებთ. წარმოების შემცირებული ვადები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ერთი და ორი დღეც გადამწყვეტია ხოლმე მომხმარებლისთვის, რადგან მათაც სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუნდაც ექსპორტთან დაკავშირებით, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მიწოდების თაობაზე და ა.შ.