ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა.
ქუთაისის აეროპორტში ავიარეისის გადადებას ხმაური მოჰყვა. მგზავრების განცხადებით, ისინი ბარსელონაში ვერ გაფრინდნენ.
მათივე ინფორმაციით, რეისი კომპანია “ვიზეარს” უნდა შეესრულებინა, თუმცა თვითმფრინავში ასული მგზავრები დააბრუნეს, მიზეზად კი გაუმართაობა დაასახელეს.
მგზავრების თქმით, გადადებული რეისის გამო მათ პრობლემები ექმნებათ და მოითხოვენ, სხვა რეისით გაფრენის უფლება მიეცეთ.
მგზავრები კომპანიას და აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, აეროპორტში ბავშვებით არიან და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გააკეთა ავიაკომპანიამ. Wizz Air აცხადებს, რომ მიზეზი თვითმფრინავის “გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი” გახდა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მათივე ცნობით, მგზავრებს საშუალება მიეცათ ბილეთები სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ.