მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
7 წლის ზლატა კორნიენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გოგონა, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდანაა, გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას” სტაციონარშია მოთავსებული.
ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როცა ოჯახი საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც გოგოს დედა აღნიშნავს, მგზავრობისას ბავშვს 40 გრადუსამდე ტემპერატურა ჰქონდა, სტეფანწმინდაში კი სხვა სიმპტომებიც დაემატა და კიდევ უფრო შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ბათუმისკენ მიმავალმა ოჯახმა გორის ბავშვთა კლინიკას მიმართა.
“კლინიკაში შემოყვანისას, ბავშვს აღენიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპოთერმია, ბავშვის მშობლების ინფორმაციით, მგზავრობისას ფიქსირდებოდა მაღალი ტემპერატურაც. მშობლების თქმით, მგზავრობისას ადგილი ჰქონდა კვების რეჟიმის დარღვევას, ამასთანავე, ვარაუდობენ საკვებისმიერ ინტოქსიკაციას. გოგონას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მოთავსდა სტაციონარში, ამჟამად უტარდება ინფუზური თერაპია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვი, დედის თანხლებით მოთავსებულია ინდივიდუალურ პალატაში, უზრუნველყოფილია კვებით და ყველა საჭირო სამკურნალო საშუალებით“, – ,,იავნანას“ ექიმის ლია გოჩაშვილის ამ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.