კომპანია Microsoft-მა Skype-ის დესკტოპის ვერსიაში მომენტალური თარჯიმანი Skype Translator დაამატა, რომელიც Windows 7-ის, Windows 8 -სა და Windows 10-თვის იქნება ხელმისაწვდომი.
ერთი წლის წინ კომპანიამ სიახლე ავტონომიური დამატების სახით მხოლოდ Windows 8-ის მომხმარებლებისთვის შექმნა, ამჯერად კი მოხმარების არე გააფართოვა.
თარგმანი ექვს ენაზე იქნება შესაძლებელი და ესენია: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური და ჩინური. Skype საშუალებას მოგცემთ საუბარი ნებისმიერ ამ ენაზე თარგმნოს.
„ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო – მოვშალოთ ენობრივი ბარიერი და ადამიანები უფრო დავაახლოვოთ. სიახლეზე დიდხანს ვმუშაობდით“ – განაცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა.
აუდიო და ვიდეო-ზარების თარგმანი-ღილაკი Skype-ში უახლოეს კვირებში გამოჩნდება.