”რადიო დუეტის” სტუმრები კომპოზიტორ-შემსრულებელი დავით არჩვაძე და მომღერალი ივა ჭყონია გახლდათ.
– როგორ ხართ ბიჭებო, მომიყევით ახალი სიმღერის შესახებ…
დათო: ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, სიმღერა გუშინ ჩაიწერა და დღეს უკვე ის თქვენი ექსკლუზივია. მინდა მოვიკითხო სიმღერის ლექსის ავტორი, დეკანოზი თავმას ჩოხელი. რა თქმა უნდა ლექსმა მომცა მუზა, რომ სიმღერა შემექმნა. მუსიკაც ისეთი წამოვიდა, როგორიც ტექსტია. ეს ლექსი მამა თავმასის ერთ-ერთ კრებულშიც არის შესული. მასში ნამდვილი სპეტაკი სიყვარული დევს. ის ამბობს ხოლმე რომ ამ ლექსებს სიყვარული აწერინებს. როდესაც სიმღერას ქმნი, უმრავლეს შემთხვევაში იცი ვინ არის მისი ადრესატი. როდესაც მინუს ფონოგრამა მანქანაში ჩავდე, ჩემმა მეუღლემ რომელსაც ამ დრომდე არ ჰქონდა მოსმენილი, მითხრა რომ დათო, ეს ივა ჭყონიამ უნდა იმღროსო. ეს არის ჩემი საჩუქარი ივას მიმართ და ძალიან გემრიელად მოირგო. ისე გულიანად და ნაღდად იმღერა, რომ წინათგრძნობა მაქვს, მას ადამიანების გულები იგრძნობენ.
ივა: ნებისმიერი სიმღერა გამოდის კარგი, თუ ის კარგ ხასიათში გაქვს ჩაწერილი. ხასიათი ქმნის სიმღერას და ცუდი სიმღერა უბრალოდ არ არსებობს. მე დათომ გამათამამა, რომ არა ის, ალბათ ჩემთვის სიმღერა ჰობის დონეზე დარჩებოდა. სიმღერა სტუდია ”უნივერსალში” დათო უგრეხელიძესთან ჩაიწერა. ჩემი სიმღერების 70% ამ ადამიანთან მაქვს გაკეთებული და მას თვალდახუჭული ვენდობი. ახალი სიმღერის არანჟირებაც რა თქმა უნდა დათოს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”გულს ნუ მატკენ”.
– დღეს კიდევ ერთი სიმღერის რადიო პრემიერა შედგება, რომელიც ნატო გელაშვილს ეკუთვნის…
დათო: ვხუმრობ ხოლმე რომ ეს სიმღერა ”სტინგური” ვერსიაა თქო. ნატოს პერიოდულად სიურპრიზებს ვუკეთებ ხოლმე. ეს სიმღერა საზოგადოებამ ტრიო ”სიმის” შესრულებით იცის. საუბარია სიმღერაზე ”ქალი ქალობს”, რომლის ტექსტისა და მელოდიის ავტორი რა თქმა უნდა ნატოა. მისგან ასე ვთქვათ ”უფლება” ავიღე და ვუთხარი რომ ჩემებურად ჩავწერ თქო. ეს სიმღერა ჩემი მეუღლის თამადობით ყველა ქალბატონს ეძღვნება. ეს არის ჩემი და ტრიო ”ჰანგების” დუეტი და გიტარაზე ხვიჩა მაღლაკელიძე უკრავს. ეს არის ცოცხალი ჩანაწერი და დიდი მადლობა მინდა მარიკა ქაცარავას გადავუხადო, რომლის სტუდიაშიც ჩაიწერა. მინდა რომ საზოგადოებამ ეს ვერსიაც შეიყვაროს, კვარტეტი ”ჰანგები” გაიცნოს და ისევე წარმატებული იყოს როგორც ყველა დანარჩენი ჩემი სიმღერა, რომლებიც ”არ დაიდარდოს” ეთერში ტრიალებს.
– დათო, შენს შესახებ ჭორები ვრცელდება, რომ საქართველოდან მიდიხარ, რა ხდება ამ კუთხით შენს ცხოვრებაში?
მე არსად არ მივდივარ, მთელი ცხოვრებაა ვმოგზაურობ და საგასტროლო მოღვაწეობას ვეწევი. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რამდენიმე კონცერტი მქონდა. რაც შეეხება დიდი ხნით წასვლას და დარჩენას, ეს ცრუ ინფორმაციაა. მე საქართველოდან არსად არ მივდივარ.
– როგორც ვიცი ახლა ლაშა ღლონტს საქართველოში საგასტროლო ტურნე აქვს, შენ თუ მიიღებ მონაწილეობას?
მე და ლაშას 20 ივლისს ბათუმში, ”ინტურისტში” გვაქვს დაგეგმილი კონცერტი, ძალიან კარგი პროგრამა ავაწყვეთ. შემოდგომისთვის კი ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს. ის სიმღერები, რომლებიც ხალხმა ჩემდა საბედნიეროდ შეიყვარა, მინდა ბენდთან ერთად გავაცოცხლო. ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის, ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ. გარდა ამისა, დამიგროვდა ძალიან ბევრი ახალი სიმღერა, რომლებსაც ნელნელა გამოვამზეურებ.
მსმენელი: ვისი ტექსტია გამოყენებული სიმღერაზე ”თვალებს გიკოცნიან ჩემი სიმღერები”?
ლექსი დეკანოზ თავმას ჩოხელის მიერ არის შექმნილი. ის ჩემს სიყვარულს და ჩემს მეუღლეს ეძღვნება და მამაო ამბობს ხოლმე რომ ეს სიმღერა მისგან ერთგვარი საქორწინო საჩუქარია. ჩემთვის ეს გამორჩეული სიმღერაა და მიხარია რომ თქვენც მოგწონთ.
დათო არჩვაძე & კვარტეტი ჰანგები – ქალი ქალობს
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
ფოტოები
