LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიგრანტები, რომლებიც ახლა ჩამოდიან, მდიდარი რუსები არ არიან… ქვეყანას ტვირთად დააწვებიან, თუ უკან არ წავიდნენ“ /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

34
მაია სიდამონიძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 163 192 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 392%-ია.

2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3% იყო, აღდგენილია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8%.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების ქცევა შეცვლილია – უფრო მეტი დროით რჩებიან და მეტს ხარჯავენ.

მთავრობა გვარწმუნებს, რომ ტურიზმის ინდუსტრია დივერსიფიცირებულია და რომელიმე ერთ ქვეყანაზე, მათ შორის რუსეთზე, დამოკიდებული არ არის. უნდა ვენდოთ, თუ არა ეკონომიკის სამინისტროს ამ შეფასებას?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად მაია სიდამონიძემ, „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ისაუბრა.

– როდესაც ვსაუბრობთ, დივერსიფიცირებულია თუ არა საქართველოს ტურიზმი, რომ ტურიზმის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაშინ როდესაც მათი დიდი უმრავლესობა ჩვეულებრივი მიგრანტია და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით რჩება საქართველოში, რა პრობლემამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ამან?

– პირველ რიგში ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ტურიზმი და მიგრაცია. მეორე, როდესაც საქართველოში ჩამოდიან საცხოვრებლად, საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა, გაზრდილი იქნება და მესამე –  ვერ დავეთანხმები, რომ ბაზარი დივერსიფიცირებულია.

მეზობელი ქვეყნის წილი ტურიზმზე რომ ვნახოთ, აშკარაა, რომ კვლავ დამოკიდებული ვართ როგორც მეზობელ ქვეყნებზე, ისე რუსეთის ბაზარზე, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს სახელმწიფოებრივ საფრთხეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაღაც ტერმინები, ფაქტია რომ გვეშლება და არასწორად გვესმის ტურიზმი.

 

 

– ზოგადად რა მდგომარეობაა სექტორში აღდგენის კუთხით. რიცხვებით რაც ჩანს, გასაგებია და  „თიბისი კაპიტალის“ კვლევაც ვნახეთ, სადაც საუბრობდნენ, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენამ შეასრულა თავისი როლი. რუსეთიდან მიგრაცია დაეხმარა სექტორს იმაში, რომ გარკვეული შემოსავლები მიეღო, როგორც ქვეყანას, ასევე სექტორს.

სხვა მხრივ რა მდგომარეობაა სექტორში, ძალიან ბევრ კომპანიას როგორც ვიცი, დაგროვილი ვალდებულებები აქვს პანდემიიდან მოყოლებული, კომერციულ ბანკებთან პრობლემები აქვთ, ამ მხრივ რა სიახლეებია?

– ჯამური ციფრები შეიძლება, კარგად გამოიყურება, მაგრამ ზუსტად დეტალების გაანალიზება როცა ხდება, არც ისე იდეალურადაა საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ქცევა შეცვლილია.

სტუმრებზე ნაკლები დატვირთვის კოეფიციენტი მოდის. ძირითადად აპარტამენტები და უძრავი ქონება, უფრო ხეირობს, ვიდრე უშუალოდ თვითონ ტურიზმის ინდუსტრუაში მოთამაშე მთავარი ბიზნესსექტორები.

კოვიდის დროს ძალიან ბევრმა ბიზნესმა უდიდესი დარტყმა მიიღო, თვითრეაბილიტაციიის პროცესი არ დასრულებულა.  გამომდინარე იქიდან, რომ საოპერაციო  ხარჯები  გასამმაგდა და გაორმაგდა. ასევე გაზრდილია ფიქსირებული ხარჯები, როგორიცაა ბიზნესის კომუნალურები და ეს მოგების მარჟაზე საუბარს ართულებს, ბიზნესი ორიენტირებულია ხარჯების დაფარვაზე.

– როდესაც მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ  ხარჯვა გაზრდილია, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორი წელია ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და 2023-მდე სავარაუდოდ ასეც იქნება, ტურისტს ნომინალურ გამოხატულებაში მეტის დახარჯვა უწევს, მაგრამ რეალური შემოსავალი ამით საერთოდაც არ იზრდება.

– ე.წ. რუსი ტურისტები რომ ჩამოდიან, ზოგიერთი ფულს, რა თქმა უნდა, ხარჯავს და ეს ხარჯები ქვეყნის ეკონომიკაში აისახება. მაგრამ ეს რამდენად სტაბილურია და რამდენად აწყობს ქვეყანას მოკლევადიანი შემოსავლები, იმის ხარჯზე, თუ რა რისკები იქნება მომავალში, ამაზე ქვეყნის მთავრობაც უნდა დაფიქრდეს, რა სტრატეგია გვაქვს და საით მივდივართ.

 

– რა პრობლემებია დღეს? ერთი რაც ისმის, არის მუშახელის ნაკლებობა. პანდემიამ თქვენს სექტორს მნიშვნელოვნად დაარტყა და როგორც ვიცი, სასტუმრო არაა დარჩენილი, რომელსაც რაღაც ვაკანსია არ ჰქონდეს. ყველგან ეძებენ კადრებს და სამწუხაროდ ისინი არ ჩანან.

– საკმაოდ დიდი „გეფია“ (აუთვისებელი ადგილი) გამოცხადებულ ვაკანსიასა და მომუშავე პერსონალს შორის.

ეს განსაკუთრებით დაეტყო ტურიზმის მომსახურების სფეროს. ჯერ ერთი იმიტომ , რომ ძალიან ბევრი კადრი გაედინება ქვეყნიდან და პანდემიის დროს ბევრი ამ სფეროდან გადაკვალიფიცირდა უფრო მეტად სანდო და სტაბილურ სფეროებში. ვიცით, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ პირველი დარტყმა მიიღო და ფაქტობრივად ჩაიკეტა.

დღეს ამ ყველაფრის შედეგს ვიმკით, რაც  ძალიან ძნელია და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

– რომელი ბაზრები შეიძლება იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანი?  ევროკავშირიდან ვერ აღდგა ტურისტების ის რაოდენობა, რაც იყო რეგიონში.

ომია, ფრენებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია. ცა ჩაკეტილია. ასევე  ჩაკეტილია  რუსეთის ევროპული ნაწილი, უკრაინა მთლიანად და ამ მხრივ პრობლემებია, თუმცა სპარსეთის ყურის ქვეყნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამ მხრივ ზრდა მაინც არის.

– „გალფის“ რეგიონიდან საკმაოდ წარმატებით აღდგა ტურისტული მიმოსვლა. მეზობელი ქვეყნებიდან ვიცით, რა მდგომარეობაა. დასავლეთისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, ტურისტებს დიდი კითხვის ნიშნები აქვთ.

ერთის მხრივ იყო კოვიდი. მეორეს მხრივ ამას თან დაერთო ომის ფაქტორი. ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა დავსახოთ.

– მონაცემებს გავეცანი, რუსი ტურისტები არ არიან გამორჩეული მხარჯველები. საშუალო ხარჯით მერვე ადგილზე არიან…

– მიგრანტები, რომლებიც ახლა აქ ჩამოდიან, მდიდარი რუსები არ არიან. მდიდარი რუსები დუბაიში ან მსგავს ქვეყნებში არიან ახლა წასული.

დეზერტირები, რომლებიც საზღვრისპირა ქალაქებიდან შემოვიდნენ, ფაქტობრივად ერთი ჩანთის ამარა ჩამოვიდნენ და მომავალ თვეებში ზუსტად დავინახავთ, როგორ აიწევა თუნდაც კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანები არ არიან მხარჯველუნარიანები.

პირიქით, ქვეყანას ტვირთად დააწვებიან,  თუ უკან არ წავიდნენ.

– ტურიზმში მდგომარეობა ნელ- ნელა უმჯობესდება, მაგრამ იმისთვის, რომ სექტორი მშვიდად იყოს, მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება, სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოსვლა და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მტრულად განწყობილ ქვეყანაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g