LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6 თვიდან 1 წლამდე ასახელებს – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

108
პაპუნა ლეჟავა

არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის მიხედვით მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს – ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება ნაწილი ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

პაპუნა ლეჟავამ ასევე ისაუბრა ქვეყანაში გზავნილების გაზრდილ მოცულობაზე და აღნიშნა, რომ გზავნილების დღევანდელი მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს და ისტორიულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, თუმცა ეს რამდენ ხანში მოხდება ამის განსაზღვრა რთულია.

„ჩვენი შეფასებით ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს გზავნილებთან დაკავშირებით არის დროებითი, თუმცა ეს დროებითი რამდენ ხანს გაგრძელდება ამის თქმა შეუძლებელია. აპრილ-მაისში გაცილებით უფრო გაზრდილი იყო გზავნილების მოცულობა, რაც სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდა, მათ შორის, პირველი ტალღის ეფექტი იყო, როდესაც რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. შემდეგ თვეებში – ივნისში, ივლისში და აგვისტოში შედარებით უფრო შემცირებულია გზავნილების მოცულობა, თუმცა პანდემიამდელ და ომამდე დონეს კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება. ჩვენი შეფასებით გზავნილების ეს მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს და დაუბრუნდეს ისტორიულ მაჩვენებელს, თუმცა ეს რამდენ ხანში მოხდება ამის განსაზღვრა რთულია, რადგან შეიძლება ეს გაგრძელდეს ერთი წელი ან მეტი.

რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა გრძელვადიან და მოკლევადიან ტურიზმთან დაკავშირებით. მიგრანტები, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში მათი შემოსვლაც ტურისტულ სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზე მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე რა მოხდება რუსეთში, რა მოხდება უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, მიიღებენ ალბათ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას. დარწმუნებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება ნაწილი ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ამასთან ერთად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საერთაშორისო გარემოზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანად შენარჩუნება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საერთაშორისო გარემოზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. წინა ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021 წელს განპირობებული იყო საბაზისო ტემპით, თუმცა ეს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია 2022 წელსაც, რაც ეკონომიკის გახსნით იყო განპირობებული. მოგეხსენებათ, რომ ის შეზღუდვები, რაც პანდემიის გამო იყო დაწესებული დიდწილად მოიხსნა, რამაც ერთგვარი მუხტი მისცა ეკონომიკას და ეს მიმდინარე წელსაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ტურიზმს ყოველთვის ექნება გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის, პანდემიამდეც ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა ტურიზმი იყო და მომავალშიც ეს სავარაუდოდ, გაგრძელდება. რაც შეეხება გზავნილებს – გზავნილების რა ნაწილი ხვდება ეკონომიკაში და რა ნაწილი ინახება ბანკებში, ესეც საყურადღებოა. თქვენ იცით, რომ ომის დაწყებიდან დაახლოებით მილიარდ ნახევრით გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტები. ნაწილი თანხების გზავნილების სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა ეს გზავნილები არ მოხმარებია ეკონომიკურ ზრდას, ეს გზავნილები დარჩა საბანკო ანგარიშებზე, დეპოზიტებზე. შესაბამისად, ამ გზავნილების შემცირება მომავალში არ იქონიებს ეკონომიკის კლებაზე, ან ზრდის ტემპის შემცირებაზე გავლენას“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

ბოლო 10 დღეში, რუსეთიდან საქართველოში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა - ვის და რა შემთხვევაში არ აძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას 

ამავე პერიოდში, საქართველოდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთა 62 120-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბრის შემდეგ, ანუ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ. ხოლო ბოლო 2 დღის განმავლობაში კი მათი რიცხვი 10 ათასს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g