რა არის მიჯაჭვულობა, საიდან იწყება, რა ფუნქციას ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, უნდა ვებრძოლოთ თუ არა მას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოტერაპევტმა ციცინო ბზიშვილმა ისაუბრა.
რა არის მიჯაჭვულობა?
მიჯაჭვულობა დიდი ხანია რაც ინტერესის სფეროს წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოლოგიაში და ფართოდ არის შესწავლილი. ერთ-ერთი საინტერესო ხედვა ამ მიმართულებით არის ინგლისელი ფსიქიატრის და ფსიქოანალიტიკოსის – ჯ. ბოულბის მიჯაჭვულობის თეორია.
მიჯაჭვულობა – ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი ადამიანებს შორის, რომელიც გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მიჯაჭვულობა იწყება ჩვილობის ასაკში, როდესაც ბავშვი იწყებს მშობლის ან სხვა მზრუნველი პირის გამორჩევას. ჯ.ბოულბის მიხედვით, მიჯაჭვულობა ეს არის ევოლუციურად შეძენილი გადარჩენის მექანიზმი – ბავშვი (ასევე ცხოველი და ფრინველი) იბადება ამ უნარით და მისი გადარჩენის ალბათობა უფრო მაღალია მშობელთან ვიდრე უცხოსთან.
არსებობს მიჯაჭვულობის 2 ჯგუფი: სანდო და არასანდო…
სანდო მიჯაჭვულობა ყალიბდება იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობელი (ან სხვა მზრუნველი პირი) დროულად აკმაყოფილებს ბავშვის ყველა მოთხოვნილებას და არის მასთან ემოციურ კავშირში, ამ შემთხვევაში ბავშვი იღებს გზავნილს, რომ სამყარო სანდოა და იგი(ბავშვი) სასურველია ამ სამყაროში. ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვისთვის ნაკლები ალბათობაა, რომ ზრდასრულ ასაკში მას განუვითარდეს არაჯანსაღი მიჯაჭვულობები (დამოკიდებულებები), მას, როგორც წესი, ახასიათებს ემოციური სტაბილურობა და მოქნილი ფსიქიკა.
არასანდო მიჯაჭვულობა იყოფა 3 კატეგორიებად: განრიდებული, ამბივალენტური და დეზორგანიზებული.
განრიდებული მიჯაჭვულობა შეიძლება ჩამოყალიბდეს თუ დედა ან სხვა მზრუნველი პირი არ რეაგირებს სათანადოდ ბავშვის მოთხოვნილებებზე, ემოციურად მიუწვდომელია და არის მხოლოდ „ფუნქციების შემსრულებელი“.
ამბივალენტური და დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ვითარდება თუ მშობელი ან მზრუნველი პირი არათანმიმდევრულია, არ გააჩნია მოვლის/ზრუნვის სტრატეგიები და ქაოტურად ასრულებს თავის მოვალეობებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები.
არასანდო მიჯაჭვულობა ყალიბდება, როდესაც მშობელს გააჩნია საკუთარი გადაუმუშავებელი ფსიქოლოგიური პრობლემები და ამასთან ერთად, იგი არ ფლობს საჭირო ცოდნას ბავშვის აღზრდის საკითხებში. უნდა ითქვას, რომ ჩვილობის ასაკში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის სახეობა შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს შენარჩუნებული, თუ პიროვნება თვითონ არ იზრუნებს ცვლილებებზე და არ მოიძიებს საჭირო დახმარებას.
როგორ ვრცელდება ზრდასრული ადამიანის რომანტიულ ურთიერთობებზე ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის პატერნები?
კვლევები აჩვენებს, რომ მიჯაჭვულობის სტილი ხდება ზრდასრული ადამიანის ურთიერთობების პროტოტიპი მაგ.: ადამიანი სანდო მიჯაჭვულობით, თავს გრძნობს უსაფრთხოდ ურთიერთობაში, იგი გახსნილია ნდობისთვის და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის, მას კარგად აქვს განვითარებული საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი, ასეთი ადამიანი ეძებს მზრუნველ, ემპათიურ პარტნიორს და თვითონაც გააჩნია ემპათიურობის/მზრუნველობის უნარი. უმეტეს შემთხვევაში ასეთ ადამიანებს არ ახასიათებს თვითშეფასების პრობლემები.
არასანდო მიჯაჭვულობა ზრდასრულ ურთიერთობებში შეიძლება გამოიხატოს ზედმეტი შფოთვითი ფონით, უნდობლობით, ზედმეტი სიახლოვის მოთხოვნით, პიროვნული საზღვრების დაუცველობით. იმისდა მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება მიჯაჭვულობა, ადამიანი შეძლება გაურბოდეს სიახლოვეს მეორე ადამიანთან, ან პირიქით, გახდეს ზედმეტად მიჯაჭვული /დამოკიდებული მეორე ადამიანზე. არასანდო მიჯაჭვულობის დროს, ადამიანებს უჭირთ ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება და ურთიერთობაში ვერ გრძნობენ თავს დაცულად. ხშირად აქვთ თვითშეფასების პრობლემა.
არაერთმნიშვნელოვანია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად სტაბილურია ცხოვრების განმავლობაში მიჯაჭვულობვის სხვა და სხვა სტილი. ნაწილი ფსიქოლოგების მხარს უჭერს იმ აზრს, რომ სანდო ან არასანდო მიჯაჭვულობის პატერნები ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანის ფსიქიკაში და ზეგავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე, მაგრამ უმეტესობა ფსიქოლოგების თანხმდება იმ აზრზე, რომ ადამიანს აქვს საჭირო რესურსები ქცევითი მოდელების შეცვლისთვის. ახალმა მიგნებებმა ნეირომეცნიერებაში აჩვენა, რომ ადამიანის ტვინს ახასიათებს ნეიროპლასტიურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ჩვენი განწყობები, დამოკიდებულებები და ქცევები. მიჯაჭვულობის თემის განხილვა და გააზრება მნიშვნელოვანია ჩვენ ქართულ რეალობაში, რადგან ჰიპერმზრუნველობა, რაც ახასიათებს ქართველ მშობლებს, იწვევს არაჯანსაღ მიჯაჭვულობებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი