მიჯაჭვულობა, რომელიც არასწორი ქცევის სათავე ხდება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
რა ასაკში ითვლება მიჯაჭვულობა ჯანსაღად?
მიჯაჭვულობა თავის ეტაპებს განიხილავს. ის რაც დასაშვებია და სასიცოცხლოდ აუცილებელია 2 წლამდე, უკვე დამაზიანებელია მოზარდობის პერიოდში, ამიტომ კარგია მშობელმა იცოდეს, როდის ავითარებს ჯანსაღ ქცევას და როდის გადადის უკუღმართ ქცევებში.
სეპარაცია არის ეტაპობრივი პროცესი. მოზარდი როცა იზრდება, ასევე ვითარდება მისი ტვინი და ტვინში სხვადასხვა მოთხოვნილებების უბნები. მოზარდობისთვის პერიოდში იწყება ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლად სიარულისკენ, საკუთარი სივრცისკენ – ეს არის ნორმა. ჩვენ ყველაფერს ბავშვს ვაჩვევთ ეტაპობრივად, დამოუკიდებელ ფაზაში გადაყვანა ეტაპობრივია.
რა სურვილები უნდა ჰქონდეს ასაკის მიხედვით ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის?
მუცლიდან გამოსული ბავშვი, რომელიც იკვებებოდა ჭიპლარიდან, მისთვის პირველ ეტაპზე 1 წლამდე, აუცილებელია ამ დროს მშობელზე იყოს მიკრული. ერთ წელს რომ მიუახლოვდება, ბავშვი იწყებს ეტაპობრივ განჯაჭვას, იქ ჩნდება ჭოჭინა, მანეჟი, ხალიჩა, იწყება დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ის ცდილობს აიღოს ნივთი დამოუკიდებლად…
2-დან 3 წლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რომ მოხდეს გარდატეხა, ეს არის სიჯიუტის ხანა, როცა ის ცდილობს ყველაფერი „მე თვითონ“ გააკეთოს.
აუცილებელია სკოლაში წასვლის ასაკში ბავშვს ჰქონდეს თავისი კუთხე. ორი-სამი წლის ასაკში ბავშვს ვაჩვევთ ცალკე წოლას, ცალკე საწოლს, თუნდაც იმავე ოთახში, სადაც მშობელია, მაგრამ ცალკე. სეპარაცია ამ დროს უმტკივნეულოა, თუ ამის საშუალებაა, ბავშვს მშობლისგან დამოუკიდებელ ოთახში ეძინოს. თვითონ მოიწესრიგოს საწოლი, და მოაწყოს თავისი კუთხე.
თუ არ არის ოჯახში შესაძლებლობა, არსებობს შირმა, მინახავს გარდერობით გამიჯნული ოთახი, რათა მშობელს და შვილს ჰქონდეს ცალკე სივრცეები.
არსებობს შემთხვევები, როცა ბავშვი(მოზარდი) თვითონ არ მიდის მშობლის საწოლიდან. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ასაკი გავუშვით ხელიდან და მშობელი თუ ამას ხედავს, მაშინ აუცილებელია სპეციალისტს მიმართოს.
რა ქმნის ამ დროს პრობლემას?
პირველი სექსუალობის ნიშნები მოდის 5 წლიდან ბავშვებში. ძალიან საფრთხილოა, როცა ბავშვს სძინავს საწოლში მშობელთან ერთად. შესაძლოა მოხდეს სექსუალობის არასწორი განვითარება, ასევე საპირისპირო სქესის მიმართს ინტერესის დაკარგვა, და არ აქვს მნიშვნელობა ერთი სქესი მშობელი და შვილი წევს ერთ საწოლში, თუ განსხვავებული.
თუ საყრდენებს ჩვენ სწორად გავატარებთ ბავშვებში 3-5-7 წლამდე, ისე განვითარდება მათი ცხოვრება. თუ ბავშვი გარკვეულ ასაკში არ ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ და ეჯაჭვება მშობელს, ესე იგი საყრდენები სწორად არ განვითარდა.