შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, გორშეღმის ერთადერთი მკვიდრი მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთში გადაიყვანა.
მიხა არაბული, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი, უკვე ორი კვირაა ავადმყოფობს, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.
76 წლის მიხა პაპა დუშეთის საავადმყოფოშია, ექიმები მას შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
შეგახსენებთ, მიხა არაბულს ძველი, ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა, თუმცა მან, სოფლის ერთადერთმა მოსახლემ გორშეღმის ხეობა მაინც არ დატოვა. ის მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. “მთის ამბებმა” საზოგადოების მობილიზება და მისთვის სახლის აშენება შეძლო. ამ ამბავმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.