უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოდოლიაკმა „ბლუმბერგთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხებს უსაფრთხოების გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და სადავო ტერიტორიების პოლიტიკური დარეგულირება წარმოადგენს.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მხარეების ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გამო, მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, მოსკოვის პოზიციები ბევრად ადეკვატური გახდა.
„არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, დავთმოთ რომელიმე ტერიტორია. ის, რაც შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს, ცეცხლის შეწყვეტაა, რომელიც მეტი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში