LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ ჩემი სასიყვარულო ბალადები არა უბრალოდ ჰიტებად იქცა, არამედ სწორედ ამ სიმღერების ფრაზებით უხსნიან შეყვარებულები ერთმანეთს სიყვარულს – დათო არჩვაძე პრემიერით „არტ-FM“-ში

544
დათო-არჩვაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს კომპოზიტორი და ავტორ-შემსრულებელი დათო არჩვაძე სტუმრობდა სიმღერების „გადარეული ფიქრები“ და „შენ თუ მყავხარ“ პრემიერით.

„გადარეული ფიქრები“

მიხარია, რომ ჩემი სასიყვარულო ბალადები არა უბრალოდ ჰიტებად იქცა, არამედ სწორედ ამ სიმღერების ფრაზებით უხსნიან შეყვარებულები ერთმანეთს სიყვარულს. ყოველთვის მინდოდა ისეთი სიმღერის დაწერა, რომელშიც მხოლოდ სიყვარული იქნებოდა სევდის გარეშე. ახალი სიმღერა ჩემი მეჯვარის და შვილის ნათლიის პეტრე კოლხის (პეტრე კვარაცხელიას) ლექსზე დაიწერა. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რომელი პოეტის ლექსი მოერგება ჩემს მუსიკას, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა იდეალურად მოერგო პეტრეს პოეზია ჩემს მელოდიას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ საოცარი, ცხოვრებისეული ფრაზებისთვის, რომლებიც ჩემს სიმღერაში გაჟღერდა და ყველასთვის ახლობელი გახდა.  ახლო მომავალში ვიდეოს გადაღებასაც ვგეგმავ, ძალიან საინტერესო იდეა გვაქვს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

„შენ თუ მყავხარ“

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნანა ცინცაძეს, ვისთან ერთად უამრავი პოპულარული სიმღერა შევქმენი. „მე შენ მიყვარხარ“ ერთგვარი გასართობი სიმღერაა, რადგან ძალიან ენერგიული, თავისუფალი და ლაღი გამოვიდა.

„ეს ქალაქია“

„ეს ქალაქია“ ჩემი საავტორო შემოქმედების სიამაყედ იქცა, რადგან „ქართულ ხმებთან“ ერთად ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემაც შეასრულა. სიმღერა გია ჯოხაძის ლექსზე შეიქმნა და ჩვენ ქალაქს მიეძღვნა, რომელიც ძალიან მინდა იყოს ყოველთვის მხიარული, ხალისიანი და ბედნიერი. ყველაზე დიდი სურვილი ავისრულე, როცა ჩემი ნამუშევარი ქალბატონმა ნანიმ იმღერა. ისეთი მონდომებული იყო, რომ სამჯერ ჩაწერა თავიდან, გარდა ამისა, ჯერ სიღნაღში ჩამოვიდა რამდენიმე საათით, მერე რაჭაში ჩამოფრინდა ვერტმფრენით სპეციალურად ამ სიმღერის შესასრულებლად.

სიმღერა სრულიად შემთხვევით შეიქმნა. ზღვაზე ვიყავი და მოულოდნელად მომივიდა მელოდია თავში, რომელიც გიას გავუგზავნე, მან კი, მართლაც ბრწყინვალე ლექსი დაწერა. სწორედ მაშინ ჩავიფიქრე, რომ „ეს ქალაქია“ აუცილებლად ქალბატონ ნანის უნდა შეესრულებინა.

„ბროწეულები“

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გაამართლა სიმღერებმა ხილის სახელებით, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა კომპოზიცია „ალუბლებმა“, რომელიც ნებისმიერი ჩემი კონცერტის პროგრამაშია, რადგან ყველას ძალიან უყვარს. ძალიან მინდოდა კიდევ ერთი “ხილიანი სიმღერის” შექმნა და ძალიან გამიმართლა, როცა ქალბატონი ლალი ბურდული გავიცანი. ქალბატონი ლალი იტალიაში ცხოვრობს და არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელიც ბრწყინვალე მუსიკოსია. სამწუხაროდ, ბატონი დუჩო ლიმბერტი უსინათლოა, თუმცა უნიკალური სმენა აქვს. მეუღლეების დუეტს „ლა ლიმბერტი“ ჰქვია, სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე „ბროწეულები“ YouTube-ზე. ქართულ-იტალიური წყვილი რამდენიმე წლის წინ გავიცანი, როცა ბატონმა დუჩომ საოცარი ქართულით შეასრულა ჩემი „მონატრებიხარ ფიქრებს“.

„ბროწეულების“ ქართული ვერსია არანჟირების ოსტატთან ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად გავაკეთე, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე ჰიტებს ქმნის. ბევრს „ბროწეულები“ ჩემი შექმნილი ჰგონია, რადგან ძალიან შევიყვარე და იდეალურად მოვირგე. აქვე დავამატებ, რომ სიმღერის მელოდია ქალბატონ მელი თურმანიძეს ეკუთვნის, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და საკუთარი კაფე აქვს. სხვათა შორის, არ მეგონა, რომ „მონატრებიხარ ფიქრებს“ ოდესმე ჰიტი გახდებოდა, თუმცა სასიამოვნოდ შევცდი.

რამდენიმე საეტაპო სიმღერა მაქვს, რომელთაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ჩემს შემოქმედებაზე. მაგალითად, „ფრთამოტეხილი მაფშალია“, მართალია, ბრძოლა მომიწია ამ სიმღერისთვის, მაგრამ ძალიან პოპულარული გახდა, „ქართული სიმღერის საგალობელი“ კი, ზაურ ბოლქვაძესთან ერთად შევქმენი და „ქართული ხმების“ ორმა თაობამ შეასრულა.

სტუდია

ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუდია მაქვს, რომელმაც არაჩვეულებრივ ბავშვებს მოუყარა თავი. ჯერ კიდევ პანდემიამდე შევქმენი პირველი ქართული საესტრადო კაპელა. მეგონა, გუნდი სამოყვარულო იქნებოდა, თუმცა ქასთინგის მერე საოცარი მომღერლები გაერთიანდნენ ჩვენს გუნდში. სამწუხაროდ, ალეკო თეთრაშვილი გამოგვაკლდა, რომელსაც პატარა ბავშვივით უხაროდა ყოველი რეპეტიცია. ბედნიერი ვარ, რომ კაპელას წყალობით სრულად შევძელი ჩემი მუსიკალური პროექტების და იდეების განხორციელება. სხვათა შორის, ჩვენი სტუდია სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზეა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასწავლებლის რექტორატს.  

ამასთანავე, კვარტეტ „ჭიათურას“ ვხელმძღვანელობ, ვისთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინ ალბომი ჩავწერე, სამომავლოდ კი, გრანდიოზული კონცერტის მოწყობას ვგეგმავთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჭიათურის მუნიციპალიტეტს და ქალაქის მერს, ბატონ ნიკა მოდებაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g