საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური და ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაათვალიერა. მიხეილ გოგოლიძე კომპანიის ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა და ობიექტების ყოველდღიურ მუშაობასა და არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.
„აღნიშნული ნაგავსაყრელები ოპერირებს კანონთან შესაბამისობაში, ისინი შემოღობილი და დაცულია. შემოსული ნარჩენები იპრესება და ნიადაგის საფარით იფარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძველმა ნაგავსაყრელებმა მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეუქმნას. ამავდროულად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ნაგავსაყრელები ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა მიხეილ გოგოლიძემ.
ახალციხის ნაგავსაყრელი 20 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ასპინძის – 14 064 კვ.მ-ს, ხოლო ნინოწმინდის – 6 809 კვ.მ-ს. ყველა ობიექტზე მიღებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი სპეციალური ტექნიკით იპრესება და ნიადაგით იფარება.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 2013 წლიდან მართავს 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს და პარალელურად მუშაობს მათ ჩანაცვლებაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების რეგიონული ნარჩენების ობიექტებით.
