ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა წამყვანი კვლევითი ცენტრების, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის (CNAS), ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP), უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის (CSIS) წარმომადგენლებთან. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ ვახშამზე, რომელსაც დაესწრნენ აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების, აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ვარშავის სამიტზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე.
ამერიკული უსაფრთხოების ახალი ცენტრის პრეზიდენტთან რიჩარდ ფონტეინთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ამ მხრივ, მინისტრმა ისაუბრა ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე.
განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტები.
საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში.
მინისტრმა კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პერსპექტივებზე.
საერთაშორისო სწავლებისა და უსაფრთხოების ცენტრში შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. აღინიშნა საქართველოს მიღწევები ამ მიმართულებით, რასაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და არსებულ გამოწვევებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის კვლევითი ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით ნატოს ვარშავის წინ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროგრესის სათანადოდ წარმოჩენისა და როგორც საექსპერტო წრეების, ისე ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
